რისთვის არის საჭირო ქალაქის გამწვანება?

რისთვის არის საჭირო ქალაქის გამწვანება?

151
გაზიარება

დიდ ქალაქებს მთელ მსოფლიოში ნიადაგის და ჰაერის გაჯანსაღება ესაჭიროებათ. დაბინძურების მიზეზი შეიძლება გახდეს საწარმოები, ავტომობილების დიდი რაოდენობა მათი გამონაბოლქვით და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობა. დიდ ქალაქებში ცხოვრება, ერთი მხრივ, ძალიან კომფორტული გახდა, მაგრამ ბუნებრივი ზონების არქონის გამო, ჰაერი და წყალი ბინძურდება.

დღევანდელ რეალობაში დიდი ქალაქის მაცხოვრებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ქუჩების, აივნების და სხვა ტერიტორიების გამწვანებას. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ადამიანები სულ უფრო მეტს მოგზაურობენ. ევროპის სხვადასხვა ქალაქში ვიზიტისას ისინი ხვდებიან არამხოლოდ ქუჩებში დარგულ მცენარეებს, არამედ საცხოვრებელი სახლების ფასადებზე არსებულ გამწვანებას, რომელსაც შესაძლოა, ლამაზად დაწყობილი ყვავილების ქოთნების ან პირდაპირ კედლებზე და სახურავებზე გახარებული მცენარეების სახე ჰქონდეს. გამწვანების ასეთი კულტურა გულგრილს არავის ტოვებს. ალბათ, ყველას სიამოვნებს, ლამაზი ხე-მცენარეებით გამწვანებული ადგილები, აივნები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ყვავილებითაა მორთული და სკვერები, სადაც ხასხასა ბალახია მოფენილი.

დიდი ქალაქები უკვე დიდი ხანია, “იხრჩობიან” ბინძური ჰაერით, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მანქანების გამონაბოლქვიც იწვევს. ტრანსპორტის რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქალაქებში არსებული მწვანე ნარგავები ჰაერის გასუფთავებას ვერ ასწრებენ. ასე რომ, ქალაქის ქუჩებში ლამაზი, მწვანე ნარგავები სულ უფრო და უფრო არასაკმარისი ხდება.

სიმწვანის პრობლემა მწვავედ დგას თბილისშიც. გამწვანების კოეფიციენტი ჩვენს დედაქალაქში 1 სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 4-5 კვ.მ.-ს შეადგენს. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ეს ნიშნული გაცილებით მაღალი იყო და 15კვ.მ.-მდეც აღწევდა.

შესადარებლად, გეტყვით, რომ სხვადასხვა ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი ასეთია👇

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის რაოდენობა, მინიმუმ, 9 მ2 უნდა იყოს და იქამდე ფეხით მისვლა 15 წუთში უნდა იყოს შესაძლებელი.

კომენტარი