სასწრაფო დახმარების ცენტრმა და წითელი ჯვრის საზოგადოებამ მემორანდუმი გააფორმეს

სასწრაფო დახმარების ცენტრმა და წითელი ჯვრის საზოგადოებამ მემორანდუმი გააფორმეს

123
გაზიარება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერიის განცხადებით, მემორანდუმის მიზანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

მემორანდუმის თანახმად, ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოებას იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ ბინაზე მოვლას, არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები და საჭიროებენ კვალიფიციურ დამხმარეს. ინფორმაციის გაცვლა მოხდება პაციენტების თანხმობის შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოლომონ როსტომაშვილმა, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით –  საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

ნათია ლოლაძის თქმით, ბინაზე მოვლის სერვისი, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს, თბილისის მერიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და იგი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ, შშმ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნნით.

სოლომონ როსტომაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, უფრო მეტი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანი მიიღებს კვალიფიციურ, უწყვეტ დახმარებას, ხოლო ბინაზე მოვლის სერვისის დანერგვა პირდაპირ იმოქმედებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შემოსული არამიზნობრივი ზარების რაოდენობაზე. ეს კი  შეამცირებს იმ პაციენტებთან ბრიგადების მისვლის დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.  ამავე დროს, დაიზოგება ცენტრის ფინანსური რესურსებიც.

კომენტარი