2019 წლის ინფრასტრუქტურული სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში

2019 წლის ინფრასტრუქტურული სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში

72
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობა როგორც ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის, ასევე, დაწესებულებების რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობს.  როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, 2019 წელს თბილისში 9  ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტი მომზადდა და მათ ნაწილში უკვე დაიწყო გამაგრების სამუშაოები. ეს ბაღებია:

N4, N55, N100, N126, N170, N200, N144, N2 და N150.

აღნიშნული ბაღებიდან N126-ში, N144-ში, N200-სა და N4-ში (ეს უკანასკნელი შესახლებულია 200-ში), სწავლა ოქტომბრიდან განახლდება.

მერიის ცნობით, შენობის უდიდესი ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს N2 ბაგა-ბაღში, რის შემდეგაც მისი მშენებლობა დაიწყება. ექსპლუატაციაში კი, 2020 წელს შევა.

2020 წელს დაბრუნდებიან ბავშვები, ასევე, N55 და N4 ბაღებში.

გარდა ამისა, 2019 წელს მომზადდა 12 ავარიული შენობის დემონტაჟისა და მშენებლობის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტების ნაწილის საექსპერტო კვლევა საბოლოოდ დამტკიცებისათვის.

დამტკიცებული პროექტების შესაბამისად, უკვე გამოცხადდა ტენდერი N19 ბაგა-ბაღის მშენებლობაზე. ტენდერი დასრულდება 30 სექტემბერს, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან. წლის ბოლომდე კიდევ 4 ავარიული ბაღის დემონტაჟი-მშენებლობის პროექტი უნდა დაიწყოს.

ასევე, გამოცხადდა ტენდერი ავარიულობის გამო დახურული N26, N13 და N50 სადემონტაჟო ბაღის ადგილზე ასაშენებელი ახალი შენობის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგების მომსახურების შესყიდვაზე.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშავენ, წელს თბილისის 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლდა და ახალი სათამაშო სივრცეები კეთილმოეწყო: გაკეთდა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდა ატრაქციონები, განთავსდა საპარკო სკამები, მოეწყო საჩრდილობლები, განხორციელდა ქვიშის მანეჟების მონტაჟი, შეიცვალა დაზიანებული კაუჩუკის საფარი და მოეწყო პანდუსები.

ამასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10-მდე ბაგა-ბაღში.

რაც შეეხება უშუალოდ ბაღების რემონტს, ტენდერით შესყიდულ იქნა მომსახურება 13 საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციაზე. სამუშაოები უკვე დასრულდებულია. გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის სამი საჯარო ბაგა-ბაღის სრულ რეაბილიტაციაზე. სრულად გარემონტდება N11, N12 და N197 საბავშვო ბაღების შენობები. სწავლა 16 სექტემბერს დაიწყო N11 და N197 ბაღებში, N12-ში კი 25 სექტემბრისთვის დაიწყება.

თავად ბაგა-ბაღების ბიუჯეტიდან 100-მდე ბაღში განხორციელდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.

კომენტარი