ყველაზე პატარა საკითხავების მუზეუმი

ყველაზე პატარა საკითხავების მუზეუმი

58
გაზიარება

ბაქოს სტუმარს უამრავ სასიამოვნო სანახაობების გვერდით, ერთი მეტად საოცარი, მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ადგილი დახვდება. იგი განსაკუთრებით  წიგნის მოყვარულ ადამიანებს დააინტერესებს. საუბარია მინიატურული წიგნების მუზეუმზე, რომელიც ერთადერთია არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ მსოფლიოშიც.

მუზეუმი 2002 წელს, ქვეყნის მაშინდელი მეთაურის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით სიმბოლურად წიგნის დღეს, 23 აპრილს გაიხსნა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუზეუმი კერძოა, რაც ბევრი, განვითარებული ქვეყნისთვისაც იშვიათობაა.

ბიბლიოთეკა აზერბაიჯანში პოპულარული ფერმწერის, ტაურა სალახოვის დის, ზარიფე სალახოვის საკუთრებაა. მფლობელი მუზეუმის დაარსების იდეას ასე იხსენებს:

1982 წლის ნოემბერში, წიგნის მოყვარულთა საზოგადოების შეკრებაზე მოსკოვში  შემომთავაზეს 23 მანეთად კრილოვის 1835 წელს გამოსული მცირეფორმატიანი იგავ-არაკების სრული კრებული მეყიდა.

მაშინდელ დროში  ამ ფასად მისი შეძენა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება გახლდათ. თუმცა ყიდვა მაინც გადავწყვიტე. აი მაშინ მომინდა მინიატურული წიგნების კოლექცია შემექმნა. იმ დროიდან 37 წლის განმავლობაში 7500 პატარა წიგნის შეგროვება მოვახერხე. მათგან ექვსი ათასამდე მინიატურული ექსპონატია, ხოლო სამი ათასამდე ეგზემპლარის ზომა 75X75 მილიმეტრის არ აღემატება.

მუზეუმში წიგნები სამოცდარვაზე მეტი ქვეყნიდანაა, მათგან ბევრი რარიტეტულია და მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმისათვის ძვირფასი ექსპონატი იქნებოდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეჩვიდმეტე საუკუნეში არაბეთში შექმნილი ყურანია.

კოლექციის იშვიათ გამოცემად  იაპონური და გერმანული გამომცემლობების წიგნები ითვლება. მათგან „უდიდესი“ 3,5X3,5 მილიმეტრის ფართობისაა, ხოლო უმცირესის  0,75X0,75.

ბიბლიოთეკაში მეცხრამეტე საუკუნესი გამოცემული მინიატურული წიგნებიცაა. მათ შორის  – „ინგლისის ისტორია“; (1815წ) ლა ფონტენი (1850);  ვალტერ სკოტი (1819)…

შეიძლება ითქვას მუზეუმის კვალობაზე ბიბლიოთეკის შენობაც მინიატურულია. იგი 145 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული, რასაც სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ  როგორც ერთადერთი მინიატურული წიგნების ბიბლიოთეკა გინესის რეკორდების სიაში მოხვედრილიყო.

დასასრულ გეტყვით, რომ ვისაც წიგნი და მუზეუმი გიყვართ და ბაქოში გამგზავრებაც  გიწევთ, მხოლოდ ჩვენ მონათხრობს ნუ დასჯერდებით, მინიატურული წიგნების მუზეუმს აუცილებლად ეწვიეთ, იქ სასიამოვნოდ გაოცდებით, როდესაც პაწაწინა ექსპონატებს შორის ჩვენ უდიდეს მწერლებსაც აღმოაჩენთ.

კომენტარი