ფართები ერთ ლარად 11 ოჯახისათვის

ფართები ერთ ლარად 11 ოჯახისათვის

142
გაზიარება

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

„ბინების დაკანონების პროექტი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ოჯახების სიხარული მიხარია. დღეს, 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ ფართებში და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით,  ბინები დაუკანონდება:

გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილის  N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

წყნეთის გზატკეცილის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ბინების დაკანონების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესში რაიონული გამგეობები აქტიურად არიან ჩართულნი.

„მინდა ამ ადამიანებს ბინების გადაცემა და დაკანონება მივულოცო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს გავაგრძელებთ, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ოჯახია. მათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაიონული გამგეობები, გამგებლები ამ პროცესში  მაქსიმალურად არიან ჩართულნი. ვისაც გაქვთ ფართის დაკანონების სურვილი, გქონდეთ გამგეობებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მიაწოდეთ მათ საჭირო ინფორმაცია და ამას მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარი