კორპუსი თუ მწვანე სივრცე – რა ელის სტადიონს დიდ დიღომში?

კორპუსი თუ მწვანე სივრცე – რა ელის სტადიონს დიდ დიღომში?

119
გაზიარება

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი სტადიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. მოსახლეობა თბილისის მერიას სთხოვს, შეაჩეროს აღნიშნული პროცესი და შეინარჩუნოს სტადიონი. ამასთან, საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა პეტიცია, რომელშიც, სტადიონის დაბრუნებასთან ერთად, პარკის მოწყობას ითხოვს. სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელდა შესაბამისი ვიდეომიმართვაც, რომლის ადრესატიც ქალაქის მერი კახა კალაძეა.

როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ზემოხსენებული კორპუსები კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის უნდა ააშენონ. რაც შეეხება სარეკრეაციო დანიშნულებას, მერიის ურბანული საქალაქო სამსახური მუშაობს განაშენიანების გეგმაზე, რომლის დახმარებითაც, უნდა დაკმაყოფილდეს არა მხოლოდ კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებულების, არამედ იმ ადამიანების ინტერესიც, რომლებიც სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას ითხოვენ.

“ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში შემოსულია განცხადებები, რომლითაც ითხოვენ დიდი დიღმის დასახლება I და II მ/რ-ებს შორის არსებულ ტერიტორიებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. თავდაპირველად აღნიშნული ტერიტორიების ნაწილი წარმოადგენდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, რომელზედაც განთავსებული იყო სტადიონი, 01.10.008.006.168 საკადასტრო ერთეული ჯერ კიდევ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა. არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი გადაეცა კომპანიებს, რომლებიც კოოპერატიულ მშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს დააკმაყოფილებს.

ასევე, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურში შემოსულია მოსახლეობის კოლექტიური საჩივრები, რომლებიც ე.წ სტადიონის ტერიტორიაზე ითხოვენ გაშენდეს გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე სტადიონით და პარკით. ამჟამად თბილისის მერიის ურბანული საქალაქო სამსახური მუშაობს მოცემული ტერიტორიების ერთიანი განაშენიანების გეგმაზე, რათა დაკმაყოფილდეს როგორც კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, ასევე გათვალისწინებული იქნას იმ მოსახლეობის ინტერესი, რომელიც ითხოვს სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას.” – აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარი