ტაქსის მძღოლი უნდა იყოს მობილიზებული, მცოდნე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობდეს –...

ტაქსის მძღოლი უნდა იყოს მობილიზებული, მცოდნე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობდეს – ეკა ლალიაშვილი

88
გაზიარება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმის შემდეგ ეტაპზე მძღოლებისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენება უნდა მოხდეს. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ეკა ლალიაშვილმა ტაქსების რეფორმის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასებების გაკეთება იმიტომ, რომ ვიცით, რეფორმის პირველი ტალღა მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, დღეს დაიწყო არა მეორე ეტაპი, არამედ ეს პირველი ეტაპის გაგრძელებაა, ადმინისტრირებაა, რომლის დროც ჰქონდათ მიცემული მძღოლებს, რათა ის პირობები მიეღოთ და დაეკმაყოფილებინათ, რაც მათ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა წარუდგინა. სტატისტიკაც მოვისმინეთ: 26 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის 30%-მა ვერ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება. 70% ოპერირებს ამ მომსახურების ველზე. დაახლოებით 24% არის A კატეგორიის.

შედარებით კარგი პირობები აქვს A კატეგორიას, თუმცა მათ უნდა მიეღოთ ის წაყენებული პირობები, რასაც ჰქვია ავტომობილების გადაღებვა. ვიცით, რომ ამას გარკვეული წინააღმდეგობები მოჰყვა. დღეს, ვნახავთ, რომ 24%-მა მიიღო ეს შეთავაზება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის აღმოჩნდა მძღოლების ის კატეგორია, რომლებმაც მიიღეს რეფორმა, მზად არიან, მაგრამ ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან შეხედავს როგორ წარიმართება ადმინისტრირების საკითხი – ანუ პატრულის მიერ დაიწყება თუ, არა ინტენსიური დაჯარიმება იმ მძღოლებისა, რომელიც B კატეგორიაში ითვლება, მაგრამ შეასრულებს A კატეგორიის მომსახურებას. საით მივდივართ – ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ რეფორმის პირველი ტალღის ეფექტიანობისთვის ადმინისტრირება არის მეტად მნიშვნელოვანი .

საბოლოოდ, ეს რეფორმა ვიცით რომ უნდა მოემსახუროს მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებას. პირველი ეტაპი რეგისტრაცია იყო. ავტომობილის ფერის შეცვლა ჯერჯერობით ვერ მოემსახურება უსაფრთხოებას . ეს ერთი ნაწილია. ჩვენ ველოდებით და ვფიქრობთ, ახლო მომავალში უნდა განაცხადონ ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი. მოსალოდნელია, რომ ეს უნდა იყოს მძღოლების მიმართ გარკვეული პირობების წაყენება. რომ მძღოლი იყოს მობილიზებული, მცოდნე, უწყობდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს, რათა სრულფასოვანად და უსაფრთხოდ განახორციელოს სატაქსო მომსახურება. 2020 წლიდან ველით, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს მძღოლების მიმართ, საკითხი ეხება გარკვეული მოთხოვნების წაყენებას. მათაც ადეკვატური დრო უნდა მიეცეთ იმისთვის, რომ მოემზადონ და დააკმაყოფილონ ის პირობები, რასაც მუნიციპალიტეტი წარადგენს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ტესტის ჩაბარება თუნდაც ქალაქის ცოდნაზე, ჯანმრთელობის ცნობის მიტანა. ამაზეც სამუშაო იქნება, იმიტომ, რომ დღეს როგორც გაიცემა ჯანმრთელობის ცნობა მძღოლებზე, ეს მიუღებელი იქნება. ამ მიმართულებითაც ხარვეზებია, „ფსიქოს“ როგორც ვიღებთ დღეს, ასე არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებულად უნდა მოწმდებოდნენ მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა მძღოლები, შესაძლოა, ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე იყვნენ და ახორციელებდნენ მომსახურებას. არაერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა, მოგვსვლია ამის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ არის მეტად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება“- განაცხადა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% A – კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ტაქსების მიმართულებით რეფორმა ამით არ სრულდება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომელიც საბოლოოდ, ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

დღეიდან სავალდებულოა, რომ თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსის მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებაზე იმუშაოს.

თამუნა შეყილაძე

წყარო: kvira.ge

კომენტარი