საკრებულოს წევრები თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს ესტუმრნენ

საკრებულოს წევრები თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს ესტუმრნენ

34
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ  და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერეს.

დეპუტატები ცენტრში მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ სერვისებსა და მუშაობის სპეციფიკას.  ცენტრის სერვისების შესახებ სტუმრებს ინფორმაცია პარამშვილდოსანმა თეა ბოლქვაძემ მიაწოდა.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში   სათამაშო სახეობების მოედანი,  საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი,  სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე,  აუზი, მანუალური და  ფიზიო თერაპიული კაბინეტები ფუნქციონირებს.

ამ დროისთვის ცენტრში 201 პარასპორტსმენი ვარჯიშობს.  ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია  შშმ პირები პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობას გაეცნონ, რათა უფასო სერვისებით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს.

,,დღეს ცენტრს ისნის რაიონის  მოსახლეობასთან ერთად ვეწვიეთ. ჩვენი  მიზანია, მათ  მერიის მიერ დაფინანსებული პროექტები გავაცნოთ, რათა პარასპორტის განვითარების ცენტრის სერვისებით აქტიურად  ისარგებლონ. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მოსახლეობის აქტიურობა გაიზრდება და  შშმ პირებისთვის სპორტი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხელმისაწვდომი იქნება“- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ეს ცენტრი ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელიც სრულადაა მორგებული შშმ პირთა საჭიროებებზე.

,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, 2015 წელს გაიხსნა და ის ამიერკავკასიაში ერთადერთი პარასპორტული არენაა, რომელიც  შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული.  ცენტრში მერიის დაფინანსებით, უფასოდ  სპორტის 14 სახეობაში ვარჯიშია შესაძლებელი.  ქართველი პარასპორტსმენები მსოფლიო ტურნირებში წარმატებით ასპარეზობენ“ – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის პრიორიტეტებია ადგილობრივი ჩემპიონატების, თბილისის ღია პირველობების და პარასპორტსმენთა  საწვრთნელი შეკრებების ჩატარება, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სარეაბილიტაციო  მედიცინის, ეტლით მოსარგებლეთა რაგბის განვითარება და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების დანერგვა.

კომენტარი