კახი კალაძე: დედაქალაქი ყველაფერს მომზადებული შეხვდება

კახი კალაძე: დედაქალაქი ყველაფერს მომზადებული შეხვდება

43
გაზიარება

იუნესკოს ინიციატივით, ყოველწლიურად მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი ხდება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო)  მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველივე ცდაზე მოვიპოვეთ წიგნის დედაქალაქის სტატუსი, რასაც ბევრი ქალაქი  მრავალი მცდელობის მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი,  ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი არის ქალაქის, როგორც მთავარი კულტურული ცენტრის აღიარება. წინა წლების სტატისტიკის თანახმად, წიგნის მსოფლიო დედაქალაქს 500 000-დან 1 000 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღონისძიების  თბილისში ჩატარება ტურისტების მოზიდვის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ნიშნავს ძალიან ბევრ ლიტერატურულ ღონისძიებას, ეს ნიშნავს ქალაქის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ეს ნიშნავს ათასობით ტურისტს (ცნობისთვის, ამსტერდამში აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 2 მილიონი ტურისტის შემოსვლა დაფიქსირდა); ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მწერლებისა და პოეტებისთვის, მეორე მხრივ კი ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი ჩამოვა და შესაძლებელი იქნება, საქართველოს და თბილისის სახელი გავიტანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, ორი წლის მანძილზე ზედმიწევნით გაწერილ გეგმას – თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა მნიშვნელობა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები, ასევე, პროექტებში ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მაქსიმალური ინტეგრაცია.

თბილისის მერმა კახა კალაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ აღნიშნულ ღონისძიებას, 2012 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება.

„მე პირობას გაძლევთ, რომ 2021 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება ამ ღონისძიებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას და ადამიანს, ვინც ჩვენს დედაქალაქის საკუთარი მცდელობით და მუშაობით ასეთი წარმატება მოუტანა. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2002 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი ალექსანდრია გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჯაა (shajah არაბთა გაერთიანებული საამირო) რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა.

მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქს. კუალა ლუმპური შარჟასგან წიგნის დედაქალაქის ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს. რაც შეეხება თბილისს, ის ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან გადაიბარებს და ერთი წლის მანძილზე აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. გახსნით და ძირითად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ UNESCO-ს  წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომიტეტის წევრები.

კომენტარი