რა უნდა ვქნათ, თუ ტაქსიზე მუშაობას ახლა ვიწყებთ?

რა უნდა ვქნათ, თუ ტაქსიზე მუშაობას ახლა ვიწყებთ?

83
გაზიარება

აუცილებლად გაიგებდით, რომ თბილისში ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსების მძღოლები უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ, სპეციალურად ტაქსებისთვის განკუთვნილ სადგომებზე გააჩერონ ავტომობილი, ქუჩიდან აიყვანონ მგზავრი და ამავდროულად, ტაქსების კომპანიასთან ითანამშრომლონ, ხოლო B კატეგორიის ტაქსის მძღოლს მხოლოდ კომპანიასთან თანამშრომლობის უფლება აქვს და ქუჩაში მგზავრის აყვანა არ შეუძლია. გარდა ამისა, ის ტაქსის ტრაფარეტითაც ვერ აღიჭურვება.

რაც შეეხება A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს, მათ თბილისის მერია მანათობლებს ურიგებს. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება – მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

A კატეგორიის ტაქსის, პრივილეგიის პარალელურად, ვალდებულებაც მეტი აქვს. ის აუცილებლად თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე და კარზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

A და B  კატეგორიის ტაქსების საერთო ვალდებულება შესაბამისი კატეგორიის ლიცენზიის აღებაა. გარდა ამისა, ტაქსიზე მომუშავე ყველა ავტომობილს, როგორც ნებისმიერ სხვას, ტექდათვალიერება გავლილი უნდა ჰქონდეს.

ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი – 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მერიამ და კომპანია “ალმამ” ადრე გამოყვეს სპეციალური ვაუჩერები, რომელთა მეშვეობითაც, მძღოლებს ავტომობილის გადაღებვა ან მასზე თეთრი ფირის გადაკვრა, ასევე, ქიმწმენდის ჩატარება ყოველგვარი ხარჯის გარეშე შეეძლოთ, სამაგიეროდ მძღოლს “ალმას” რეკლამა ავტომობილზე უნდა განათავსებინა, თუმცა ეს აქცია აგვისტოში დასრულდა. ამიერიდან ავტომობილის გადაღებვა ან ფირის გადაკვრა საკუთარი ხარჯებით მოგიწევთ.

საბოლოოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ B კატეგორიიდან A-ზე გადახვიდეთ (ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ) ან პირიქით, A-დან B-ზე. თუ ტაქსით მომსახურების გაწევა ამიერიდან გსურთ, პირობები ზუსტად იგივეა.

კომენტარი