„ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა“ – მაია ბითაძემ დიალოგის პლატფორმაში მიიღო...

„ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა“ – მაია ბითაძემ დიალოგის პლატფორმაში მიიღო მონაწილეობა

20
გაზიარება

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დიალოგის პლატფორმის – „ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

პლატფორმის მიზანია, თბილისის ურბანული მემკვიდრეობის, ურბანული ლანდშაფტის და ურბანული კულტურის შესანარჩუნებლად, პროფესიონალებისა და საზოგადოების გაერთიანება. პროექტი ხორციელდება Studio L და Friedrich-Eber-Stiftung-ის კავკასიის რეგიონალური ოფისის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.

პლატფორმის გახსნას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, თურქეთის, ჰოლანდიის, ბრაზილიისა და ლიეტუვის ელჩები. ასევე, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

პლატფორმის თემატიკაა: ცხოვრების ხარისხი და ქალაქი, მისი ისტორია, დღევანდელობა და სამომავლო მდგრადი განვითარების პერსპექტივა; ურბანული მემკვიდრეობის და ურბანული კულტურის როლი; ურბანული ლანდშაფტის, საჯარო და მწვანე სივრცეების ახალი სიცოცხლე.

დიალოგის პლატფორმის განსახილველ ერთ-ერთ საკითხს ვერის პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციის შექმნა წარმოადგენდა.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ელჩებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს მწვანე სივრცეების მოწყობის მიმართულებით, ლიეტუვის საელჩოსთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, ახლახან დასრულდა ვილნიუსის სკვერის მოწყობა, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ზუსტად ერკვევიან ისტორიული ქალაქების ლანდშაფტურ დაგეგმარებაში. იცით, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ქალაქს. მათ შორის, პარკების დაგეგმვისა და რეაბილიტაციის პროცესში. შესაბამისად, პირველი საპილოტე პროექტი, რომელსაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავგეგმავთ, ფართო საზოგადოებისა და სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, ეს იქნება ვერის პარკის კონცეფციაზე მუშაობა. პარკი, რომელიც ისტორიული ძეგლია, მოფრთხილება სჭირდება, თუმცა მის განვითარებაში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული თანამედროვე გამოცდილება, რომლის შესახებაც, ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ და შემდგომში განვახორციელებთ ერთობლივ ნაბიჯებს“, – განაცხადა ბითაძემ.

პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნით, შეხვედრები 7-12 ოქტომბერს სხვადასხვა სივრცეში გაიმართება.

პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, მწერალთა სახლი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულო, ICOMOS საქართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სასტუმრო „მოქსი თბილისი“.

კომენტარი