ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა არ გამოდგა ეფექტიანი – ვასო ურუშაძე

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა არ გამოდგა ეფექტიანი – ვასო ურუშაძე

183
გაზიარება

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა არ გამოდგა ეფექტიანი, ქუჩაში კვლავ დადიან ავტომობილები, რომლებიც ბოლავენ, არ არიან გამართული, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა , ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ურუშაძის შეფასებით, საზოგადოების დაკვეთა ვერ შესრულდა – ეკოლოგიური მდგომარეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესებული არაა.

„ტექინსპექტირების მიზანი და ამოცანა ძალიან მკაფიო და გამოკვეთილია – ეს არის ის, რომ ტექინსპექტირებამ ხელი შეუწყოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეორე კომპონენტია აამაღლოს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი, შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევები. რა თქმა უნდა, ტექინსპექტირება, ზოგადად, თეორიულად ამას ემსახურება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, როცა ამ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, არ ყოფილა არანაირი გათვლები, მოკვლევა, გაანგარიშებები, თუ რა შედეგს მოგვცემდა ეს რეფორმა. ჩვენ არსებული ვითარებაც კი არ ვიცოდით – არ ვიცოდით, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილის პროვოცირებით, არ ვიცოდით ჰაერის დაბუნძურებაში რა წილი აქვს ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილს, არ გვქონდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოგვეთვალა რეფორმის შედეგები , 2, 3 ან 5 წლის შემდეგ რამდენი პროცენტით შემცირდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ამის შედეგეად ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან გაუმჯობესდებოდა ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ. ამას ერთი ერთი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა, ეს რეფორმა, თუ ამას რეფორმას დავარმქევთ, იყო გაუაზრებლად დაგეგმილი . ეს არ იყო რეფორმა, ეს იყო 90-იან წლებში არსებული, ე.წ. „ტეხასმოტრის“ აღდგენა , რომელსაც ტექინსპექტირება დაარქვეს. მეტიც, არათუ რაიმე ახალი შეიტანეს, არამედ ის სტანდარტები, რომელიც იყო საქართველოში 90-იან წლებში, ისიც კი დასწიეს. მაგალითად, გამონაბოლქვთან მიმართებაში- როცა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობა იყო 0,3-0, 5, ეს კოეფიცინეტი 0, 8-მდე გაზარდეს. ეს მოხდა ერთი მოტივით, როცა ავტოპარკს გადახედეს, რეალურად ძალიან ბევრი ავტომობილი გამონაბოლქვზე შემოწმებას ვერ გაივლიდა. ამას დაარქვეს სატესტო რეჟიმი. ამ სატესტო რეჟიმის შემდეგ დაანონსდა, რომ ეს სტანდარტი კვლავ დაუბრუნდებოდა 90-იანი წელბის სტანდარტს. თუმცა, დღეს მაქვს ინფორმაცია და ამას ექსკლუზიურად გაგიზიარებთ – გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 2020 წლიდან ეს სტანდარტი არ შეიცვლება. შედეგად რა გამოდის – რაც იყო საზოგადოების დაკვეთა, რომ გაუმჯობესებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტები, არ შესრულდა. ეს რეფორმა არ გამოდგა ეფექტიანი. შედეგებამდე ვერ მივედით. ქუჩაში კვლავ დადიან ავტომობილები, რომლებიც ბოლავენ, რომლებსაც აქვთ გაცვეტილი საბურავები, არ აქვთ გამართული სამუხრუჭე სისტემა.

ტექდათვალიერებამ იმ ფორმით, რა ფორმითაც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, თავისი ეფექტიანობა დაკარგა. პერიოდულობა აღარ მუშაობს, საჭიროა უშუალოდ ექსპლუატაციის პროცესში მონიტორინგი. სახელმწიფოს აღასრულების კომპონენტი პრიორიტეტულად უნდა ექცია“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ცნობისთვის, ავტომანქანების გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ , ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ, რათა დადგინდეს სცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO- ს ს შემცველობა.

თამუნა შეყილაძე

წყარო: kvira.ge

კომენტარი