თბილისს შეეძლო, ყოფილიყო გამორჩეული – დავით მესხიშვილი სატრანსპორტო სიახლეებსა და მთავარ გამოწვევებზე

თბილისს შეეძლო, ყოფილიყო გამორჩეული – დავით მესხიშვილი სატრანსპორტო სიახლეებსა და მთავარ გამოწვევებზე

154
გაზიარება

ISUZU-ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი ავტობუსები თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ. მერიამ 220 ასეთი ავტობუსი იყიდა, თუმცა თბილისში ჯერჯერობით 60 მათგანია. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ავტოპარკის ჩანაცვლებას მიესალმება, თუმცა თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო კუთხით გადადგმულ ნაბიჯებში შეცდომებს ხედავს. როგორც მესხიშვილმა “სითი კვირასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ამ სიახლეს როგორც კარგი, ისე ცუდი მხარე აქვს და ტრანსპორტის მიმართულებით, მთავარი გამოწვევა განვითარების ერთიანი გეგმის არარსებობაა.

-სატრანსპორტო სიახლეების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის მერი მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას ასახელებს. თქვენი შეფასებით, რამდენად გამართლებულია, ეკოლოგიის გაუმჯობესების არგუმენტით, დიზელზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანა?

– ახალი სატრანსპორტო საშუალებები, ნებისმიერ შემთხვევაში, ძველზე უკეთესია. ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების პარკის, პირველ ეტაპზე, ჩანაცვლება და შემდეგ მათი რაოდენობის ზრდა. ავტობუსების განახლებას და მატებას მხარს ვუჭერთ და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ამ დადებითის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჯერ ჩანაცვლება და პარკის ზრდა უნდა მომხდარიყო და შემდეგ, თუნდაც, ტაქსების რეგულაცია. მერიას თანმიმდევრული ხედვა არ გააჩნია და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პარალელურად უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი, პარალელურად არ მიმდინარეობს, რადგან რეგულაციებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას დაასწრო და კრიზისი გამოიწვია და მეორეც, ვინ თქვა, რომ პარალელურად მიმდინარეობა სწორია? ჯერ ავტობუსების საკმარისი რაოდენობა უნდა არსებობდეს, რადგან მეტროს განვითარების დიდი რესურსი არ გვაქვს. მით უმეტეს, ძალიან ძვირადღირებულია, თუმცა შემადგენლობები აუცილებლად უნდა დაემატოს. ზოგადად, ავტობუსების განახლების პროექტს მივესალმებით.

მე პირადად დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანის წინააღმდეგი ვიყავი, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წარმოების შეზღუდვაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. გასაგებია, რომ ერთდროულად ვერავინ აკრძალავს და მსოფლიოში დიზელისძრავიანი ტრანსპორტის წარმოება რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მიმაჩნია, რომ თბილისს შეეძლო, ყოფილიყო არათუ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეული.

-რა არის თქვენი რეკომენდაცია, დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ავტობუსის ნაცვლად? 

-ჩამოეყვანათ, თუნდაც, რამდენიმე ელექტროავტობუსი. ჩვენ რეგიონში პირველობა ბევრი რამის გამო გვჭირდება, თუმცა ელექტროავტობუსები, პირველ რიგში, ჰაერის დაბინძურების მხრივ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ავტოინჟინრებთან კონსულტაციის შედეგად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება, ეკოლოგიის კუთხით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დიზელზე მომუშავე, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, უფრო ფასიდან და სატრანსპორტო საშუალებების ზომებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დიზელი ყოფილიყო. ასე რომ, მე მხარს ვუჭერდი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას და საუკეთესო შემთხვევაში, ელექტროავტობუსებისას.

-თავად ავტობუსების ხარისხზე რას იტყვით?

-როცა ავტობუსი ჩვენი დედაქალაქისთვის ეწყობა, სანამ ახალია, ცხადია, კარგია, მაგრამ მთავარი ისაა, რისი პროგნოზირებაც ძალიან რთულია – რამდენად გამძლე აღმოჩნდება ის და რამდენ წელიწადში შეიძლება, დაემსგავსოს იმ ყვითელ ავტობუსებს?!  მორიგი მთავარი პრობლემა მძღოლების კვალიფიკაციაა. ძალიან ბევრი ავტობუსი ნაავარიებია და ავტოფარეხში აყენია. თუ მერიამ მძღოლების გადამზადებაზე არ იფიქრა (რისი შესაძლებლობაც ჩვენს ასოციაციას აქვს), ახალი ავტობუსებიც, თბილისის ქუჩების ნაცვლად, მალე ავტოფარეხში ან შესაბამის ავტოსერვისებში აღმოჩნდება.

რა რჩება, დღესდღეობით, ქალაქის სატრანსპორტო მიმართულების მთავარ გამოწვევად?

-დღემდე არ არსებობს ტრანსპორტის განვითარების გეგმა. ქალაქის მერი ძალიან ხშირად ამბობს, რომ ტრანსპორტის პოლიტიკა წარადგინეს. რეალურად, ტრანსპორტის პოლიტიკა არ გვაქვს. ამაზე მუშაობენ და ეს კარგია, მაგრამ მომავალი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს და პრობლემაც ესაა: ახალი, მასშტაბური ცვლილებები მერიამ ამ გეგმის შემუშავებამდე დაიწყო. ამას კვლევა და პრობლემის ანალიზი სჭირდებოდა, რაც არ გაკეთებულა. მაგალითად, საუბარია, რომ, ლილოს მიმართულებით, მიწისზედა მეტრომ უნდა იმოძრაოს, მაგრამ რატომ მეტრო და არა ტრამვაი, რომელსაც განვითარებისა და დაქსელვის მეტი შესაძლებლობა აქვს?! რატომ ლილოს მიმართულებით და არა დიდი დიღმის, სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული და საზოგადოებრივი ტრნასპორტის ნაკლებობის გამო, პრაქტიკულად, მოწყვეტილია ქალაქის დანარჩენ რაიონებს. ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში, ტრანსპორტის განვითარების გეგმით უნდა ვითრდებოდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გეგმამდე მერია კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაბიჯების გადგმას ცდილობს. ასე კი რთული სათქმელია, სადამდე მივალთ. ჩვენ ვურჩევთ თბილისის მერს, დაფიქრდეს და აუცილებალდ დაელოდოს ტრანსპორტის განვითარების გეგმას, რომელიც, თუ ობიექტური იქნება, დარწმუნებული ვარ, გასცემს რეკომენდაციას, ტრამვაის ხაზი გაიყვანონ დიდი დიღმის მიმარათლებით და არა მიწისზედა მეტროსი ლილოსა და სამგორისკენ. ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს იმ დოკუმენტმა, თუ მას კვალიფიციური ადამიანები შეიმუშავებენ.

კომენტარი