თბილისის საკრებულოში მუზეუმების ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში მუზეუმების ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს

84
გაზიარება

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიისა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისის მუზეუმების ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ იმსჯელეს. სხდომაში კომისიების წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინი სანადირაძე და თბილისის მერიის კულტურის ობიექტების მართვის და დაგეგმარების უფროსი ცირა შალოშვილი.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს კომისიის პირველივე სხდომაზე მუნიციპალური მუზეუმების განვითარების მთავარ ხაზად განისაზღვრა საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეორგანიზება, ვიზიტორების მოზიდვის მიზნით. დეპუტატის თქმით, 2016 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანების შექმნით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მენეჯმენტი და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობა; ეტაპობრივად ჩატარდა და მიმდინარეობს მუზეუმების სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოები და ექსპონატების დამუშავება – შეკრება – განახლება.

„თბილისი 2019 წელს მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა. მერიის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შედეგად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დედაქალაქისთვის დამატებით 100 მილიონი ლარი გამოიყოფა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ – ნინო ლაცაბიძემ კი ტუროპერატორებთან კომუნიკაციისა და მათთვის მუზეუმების პოტენციალის სათანადოდ გაცნობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

,,ჩვენ უკვე შევხვდით თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურს, გვქონდა საუბარი იმ მუნიციპალურ სერვისებზე, რომელსაც ვთავაზობთ ტურისტებს და ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან ნაყოფიერი იქნება თქვენთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ თბილისის მუზეუმების ტურისტული პოტენციალი“ – აღნიშნა დეპუტატმა.

კომისიების წევრებმი შეთანხმდნენ, რომ თბილისის მუზეუმების ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებისთვის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

კომენტარი