სამგორის გამგეობამ „საგანმანათლებლო კვირეული“ ჩაატარა

სამგორის გამგეობამ „საგანმანათლებლო კვირეული“ ჩაატარა

86
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სამგორში მცხოვრები მოზარდებისთვის „საგანმანათლებლო კვირეული“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე – „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საჯარო გამოსვლებში“. მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში, შეასრულეს ჯგუფური და პერსონალური დავალებები.

პროექტში 16-დან 20 წლამდე 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩნენ. მოზარდებმა აარჩიეს მათთვის საინტერესო თემები და ტრენინგზე მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის დახმარებით შექმნეს ვიდეორგოლები. საკუთარ ისტორიებზე გადაღებული ვიდეოჩანახატების ავტორები, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მონაწილეებიც თავად იყვნენ.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემა განიხილეს. ასევე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახალქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლებთან.

საგანმანათლებლო კვირეულის დასრულების შემდეგ, ჩატარდა ახალგაზრდების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება და განხილვა. ასევე, სამგორის რაიონის გამგებელმა მონაწილეებს ქართული და ინგლისურენოვანი სერთიფიკატები გადასცა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარება, წერილობითა და ვერბალურად აზრის ჩამოყალიბების, ასევე, საჯაროდ გამოსვლის უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება, მათი დაინტერესება აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნით, გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას მიჩვევა, თანატოლებთან სოციალიზაცია და მოკლე დროში საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულების მენეჯმენტი.

კომენტარი