თბილისის მერმა დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა დაზარალებული ოჯახები მოინახულა

77
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

16-სართულიანი კორპუსის აფეთქების გამო, 77 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.

„ამ დროისთვის, დაზარალებულები სასტუმროებში გადაგვყავს, დროებითი თავშესაფრით ვაკმაყოფილებთ. ამის პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამსახურები შევლენ კორპუსში და დაიწყებენ დასუფთავებას, მოწესრიგებას და აღდგენის სამუშაოებს. ველოდებით მუნიციპალური ლაბორატორიის და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, თუ რომელია ის კონკრეტული ადგილები, სადაც შესვლა შესაძლებელია და საფრთხე არ არსებობს და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობის  დაბრუნებას საკუთარ ბინებში. დედაქალაქის მერია, რაიონის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ  ოჯახებს მიყენებული ზიანის აღდგენაში დაეხმაროს. ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იქნება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ყოფილა. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ კორპუსი სარეაბილიტაციო იქნება, დავიწყებთ მის რეაბილიტაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნულ სასტუმროში, დაახლოებით, 15  ოჯახია გადაყვანილი.

„ოჯახების რაოდენობა იზრდება. თავიდან ყველას არ ჰქონდა სურვილი სასტუმროში გადასვლის. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი – ნათესავთან. ამ დროისთვის, ამ სასტუმროში, დაახლოებით, 15 ოჯახია. ასევე, სხვადასხვა სასტუმროში ვანაწილებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მათ, რომ პრობლემა არ შეექმნათ. ასევე, გვყავს დაზარალებულები, რომლებიც მკურნალობას გადიან და მათ მალე გამოჯანმრთელდება მინდა ვუსურვო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მიმართა, რომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

თბილისის მერთან ერთად, სასტუმროში იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, ასევე, პარლამენტისა  და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები – მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე ხუჯაძე.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავდა ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ამ დროის მონაცემებით, 120 დაზარალებული სამ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.

კომენტარი