ჩეხი სტუმრები მეცხრამეტე რაიონიდან

ჩეხი სტუმრები მეცხრამეტე რაიონიდან

55
გაზიარება

„საფუძველი ჩავუყარეთ ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი რაიონის თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ევროპული ქალაქის გამოცდილების გაზიარება, როგორიც არის პრაღა.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება და შედეგად ბევრ საინტერესო, ერთობლივ ინფრასტრუქტურულ თუ კულტურულ პროექტებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის N19 მუნიციპალიტეტის „პრაღა კბელის“ და „პრაღა ვინორჟის“ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გამგებელმა ჩეხ სტუმრებს მუნიციპალიტეტის გამოწვევებსა და მიზნებზე, ასევე, რაიონის შესახებ ინფორმაციის სახით პრეზენტაცია წარუდგინა და მთავარი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.

ჩეხეთიდან დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ, ქალაქ პრაღის მუნიციპალიტეტის N19 რაიონის მერის მოადგილე ივანა შესტაკოვა, მოადგილე და მერის მრჩეველი კულტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში რობერტ რიტინა, „პრაღა ვინორჟის“ რაიონის მერის მრჩეველი სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის საკითხებში იან ჩერვენკა, ასევე, ქალაქ პრაღის N19 რაიონის გარემოსა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ბლანკა პოკორნა.

ვიზიტი მიზნად ისახავს, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო მემორანდუმის გაფორმებას. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებების გაზიარების შესახებ.

დელეგაცია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მოწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარი