“აფეთქებების და გაგუდვის შემთხვევები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მომრავლებას უკავშირდება”

“აფეთქებების და გაგუდვის შემთხვევები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მომრავლებას უკავშირდება”

113
გაზიარება

ახალი კანონის მიზანია არა მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ გაზგამანაწილებელი, ენერგოკომპანიების მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მათ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ისევ მოსახლეობას გადააბარონ, – ასე აფასებს გაზის მეურნეობის სპეციალისტი, „ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილი მოადგილე, სოსო სიმონიშვილი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს.
როგორც სიმონიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაგეგმილი რეგულაციები კარგად გააზრებული არაა.
„იქნებ ასეთი კითხვაც დაისვას – ხომ არ არღვევს ეს კანონპროექტი ადამიანის უფლებებს? საკუთრების უფლებას ხომ არ არღვევს? როგორც გაზში, ისევე ბევრ სხვადასხვა სფეროში ხდება და ხდებოდა ყოველთვის ე.წ. ტიპის დამტკიცება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის ხელსაწყოს ამტკიცებდა შესაბამისი, სერტიფიცირებული ორგანო. ითვლება, რომ უკანონოა ის ხელსაწყო, რომლის ტიპი არ არის დამტკიცებული. უფრო მეტიც, მისი გაყიდვა არ შეიძლება. ის ხელსაწყოები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას უყენია, ტიპდამტკიცებულია. კომპანია რომ მოდის და აცხადებს, ეს არ არის დახურული წვის კამერით, ღია წვის კამერითაა და მერე უცერემონიოდ ჭრის ხოლმე, ის ხელსაწყო ტიპდამტკიცებულია. ამით პირდაპირ ირღვევა საკუთრების უფლება. მეორე საკითხია – ამან ხომ შეიძლება ფატალური შემთხვევა გამოიწვიოს? კი, შეიძლება. მაგრამ, გაგიგიათ, რომ კომპანიას ან საერთოდ ვინმეს ეთქვას, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ხელსაწყოს გამოცვლის გარდა, რომ არ მოხდეს ფატალური შემთხვევა? შეიძლება ახალი ხელსაწყო დააყენო, მაგრამ შლანგმა გაუშვას აირი.
ახალი კანონის მიზანია არა მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ გაზგამანაწილებელი, ენერგოკომპანიების მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მათ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ისევ მოსახლეობას გადააბარონ. ეს ნაწილი ძალიან კარგად იყო დარეგულირებული კანონმდებლობაში, რომელიც თავის დროზე მოქმედებდა, 2008 თუ 2009 წლამდე. იმ კანონის მიხედვით ენერგოკომპანია უნდა შესულიყო გაზის მომხმარებელთან წელიწადში მინიმუმ 14-ჯერ. ყოველ თვეში უნდა შესულიყო ინკასატორი, რომელიც ერკვეოდა გაზის საკითხებში, გარდა ამისა იყო გეგმიური შემოწმებები წელიწადში 2-ჯერ. ამ კანონის მიხედვით შენ უნდა მოიწვიო კომპანია და წელიწადში ერთხელ გაძლევენ დასკვნას, რომ უსაფრთხო გარემოა. წელიწადში ერთხელ შემოსვლა 14-ჯერ შემოსვლას შეცვლის? იმ ერთი შემოსვლის შემდეგ რომ რამე დაზიანდეს? ეს კარგად გააზრებული კანონი არ არის.
ძველი კანონმდებლობის მიხედვით, მშენებლობამდე პროექტი ვერ დამტკიცდებოდა, თუ არ იყო შეთანხმებული ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურთან, მათ შორის გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების მიხედვით თუ არ იყო გაკეთებული. პროექტი ვერ დამტკიცდებოდა, თუ შესაბამისი ვენტილაცია არ იყო გათვალისწინებული. სტატისტიკას რომ დაუკვირდეთ, საქართველოში – რაც მომრავლდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ამის შემდეგ გაიზარდა აფეთქებების და გაგუდვის შემთხვევები. რატომ? იმიტომ, რომ ძვირია მეტალოპლასტმასის და როცა მოსახლე უკვეთავს, სარკმელს არ ითვალისწინებს, იმიტომ, რომ დამატებითი ხარჯია, ამასთან, როცა ცივა, არ უნდა რომ მთელი ფანჯარა გამოაღოს. ხალხო, გამოაღეთ სარკმელი და არაფერი მოხდება. კიდევ ერთი საკითხი- შენობაში უნდა იყოს სავენტილაციო ჭები. ძველი კანონი ავალდებულებდა კომპანიას, შეემოწმებინათ, რომ ეს ჭები ყოფილიყო მუშა მდგომარეობაში.
ამ საქმეს გამკაცრება კი არ უნდა, ხალხს უნდა შველა, დასჯა კი არ უნდა. ახალი კანონით ჩვენ ვსჯით იმას, ვინც დაზარალდა, ან ვინც შეიძლება დაზარალდეს . ეს სწორია? „- განაცხადა სიმონიშვილმა.
მანვე ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებაც ისაუბრა.
„გაგიგიათ ვინმეს ოდესმე ეთქვას – გაზის მოხმარებას რომ იწყებთ, თქვენი ბინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაგმანული. აუცილებლად უნდა იყოს ღია ფანჯარა, ან სარკმელი. როგორც ჩვენ ვსუნთქავთ, გაზიც სუნთქავს და ჟანგბადს მოიხმარს. თუ ჟანგბადის მიწოდება შეუწყდება, ცისფერი ალი ხდება წითელი ფერის, ამ დროს ხდება მხუთავი გაზის გამოყოფა და ეს გუდავს ადამიანს. ფანჯარა რომ ღია გქონდეთ, ეს არ მოხდება. ვთქვათ შლანგი დაზიანდა და გაზს უშვებს, გაზი რომ აფეთქდეს, ის უნდა დაგროვდეს, თუ სარკმელი ღია გაქვთ, ის ვერ დაგროვდება. თუ გარეთ გასასვლელს ჩაუკეტავთ, ის შეიძლება აფეთქდეს.
რატომ არ იყენებდა კომპანია სოციალურ რეკლამას? რატომ ურიგებს მომხმარებლებს საინფორმაციო ბიულეტენებს?”- განაცხადა სიმონიშვილმა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ.
როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.
რეგულაციების მიხედვით, თუ ადგილი ექნება საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობას, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია, ასევე თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობისას, ბუნებრივი გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის, ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენა, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში მწვავედ დგას გაზდანადგარებისა და ქსელის განთავსების, ასევე მათი ექსპლუატაციის პრობლემა. გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

თამუნა შეყილაძე

წყარო: kvira.ge

კომენტარი