თბილისში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა გაიმართა

თბილისში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა გაიმართა

146
გაზიარება

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ჭიათურელებს უმასპინძლა. ღონისძიება – „მომავლის სხივი შეჰხარის ფესვებს“ – ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა.
2016 წლის მაისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა. პროექტმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, გადაიწერა 1662 სტროფი.
ნაშრომი საზოგადოებამ უკვე იხილა – ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მათ ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ წარედგინათ და ასევე ღონისძიება -„მომავლის სხივი ახარებს ფესვებს“გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წიგნის შექმნის ისტორია, ასევე წარსულისა და თანამედროვეობის ფესვების უწყვეტობაზე გვიამბეს.
ფართო რეზონანსული გამოძახილიდან გამომდინარე, წიგნის მორიგი პრეზენტაცია და ღონისძიება ამჯერად თბილისში ჩატარდა და მას ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პარლამენტის წევრი, ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად სეხნიაშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
„დღესაც ზუსტად იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც ჭიათურაში, როცა ეს ღონისძიება ვნახე და გამიჩნდა სურვილი, ყველა რეგიონში ნახონ ეს ღონისძიება. ჩვენი სამშობლოს სიყვარულს კიდევ უფრო აცოცხლებს შოთას სულით აღვსილი ახალგაზრდების გამოსვლა და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ ხდება, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ცოცხალია, ქართული სული ცოცხალია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სული კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს და მოეფინოს სრულიად საქართველოს”,- განაცხადა ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.
პარლამენტარმა, სულხან მახათაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს, მაია ტყემალაძეს ამ საშვილიშვილო იდეის ხორცშესხმისთვის და ყველას, ვინც ერის საგანძურის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.
„ვეფხისტყაოსანი” მარადიულობის, მეგობრობის, სიბრძნის, სიყვარულის სიმბოლოა და დარწმუნებული ვარ, გავა ათწლეულები და მომავალი თაობები ნახავენ ამ ხელნაწერებს. ჩვენ ის მთავარი ღირებულებები გაგვაერთიანებს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს”, – აღნიშნა სულხან მახათაძემ.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის ზვიად სეხნიაშვილის ინიციატივით, იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში ღონისძიების მონაწილეები ჩოხოსნებად აკურთხეს.
„ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი საღამო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ფურცლების გამოფენით დასრულდა.
საუკუნის წიგნი, საბოლოოდ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდებს ბინას.ა

კომენტარი