„სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო კომპანიას და არა მოქალაქეებს“ – ექსპერტი ბუნებრივი აირის...

„სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო კომპანიას და არა მოქალაქეებს“ – ექსპერტი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებზე

92
გაზიარება

სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო კომპანიას და არა მოქალაქეებს, რომ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს, — ასე აფასებს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. გაზის შიდა ქსელების შემოწმება სავალდებულო გახდება, მომსახურება ფასიანი იქნება.
„რამდენადაც ვიცი, კანონპროექტში გაწერილია, რომ შემოწმების შემთხვევაში მოქალაქეა ვალდებულია, გადაიხადოს საფასური, ეს ცალსახად უარყოფითად აისახება საზოგადოებასთან ურთიერთობის თავლსაზრისით. დემოკრატიული ქვეყნისთვის პირველი უნდა იყოს ადამიანი და შემდეგ უნდა იყოს რაიმე კომპანია, რომელიც მონოპოლიური სისტემით შემოდის მოქალაქეებთან ურთიერთობაში. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო კომპანიას და არა მოქალაქეებს, რომ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს. კანონი გადასახედია, შესაცვლელია. ენერგეტიკული, კომუნალური სერვისების კანონი გასაწერია თვითმართველობაში, რადგან თვითმართველობას ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები მოქალაქეებთან ურთიერთობისას.
მძლავრი საინფორმაციო კამპანია მექნებოდა მოქალაქეებთან, რათა ისინი ინფორმირებულები იყვნენ გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების შესახებ. კომპანიას დავავალდებულებდი, თითოეულ აბონენტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და ამას დაერეგულირებინა ურთიერთობა და არა ასეთი სტიქიური და ისტერიკული მიდგომით დაგვეწყო ამის აღსრულება. პრობლემა ძალიან ღრმაა. საყოფაცხოვრებო სექტორში, უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე არასწორად ვავითარებდით ამ მიმართულებას. მაინც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ვართ, საინჟინრო თვალსაზრისით განსაკუთრებით. ჩვენი შენობა- ნაგებობები არ სცემს არანაირ პასუხს გაზის პირდაპირი მოხმარების ასეთ გამოყენებას და შესაბამისად, ვიღებთ სავალალო შედეგებს.
თავად კომპანიამ გამოაცხადა, თბილისის ყველაზე საშიში უბნებია გლდანი- ნაძალადევი და ისანი-სამგორის რაიონი, სადაც უფრო მეტი მოსახლეა. სტატისტიკურად კი ფატალური შედეგებით, თბილისში ბოლო 25 წლის მანძილზე 800-მდე აღწევს გაზით გაგუდვის და აფეთქებების რიცხვი. შეიძლება იყოს ისეთი ფაქტებიც, რომელიც არ იყო გასაჯაროებული, მე მხოლოდ გასაჯაროებული ფაქტების მიხედვით მოგახსენებთ ამ რიცხვს“, – განაცხადა ჭაღიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. გაზის შიდა ქსელების შემოწმება სავალდებულო გახდება, მომსახურება ფასიანი იქნება.
გაზის შიდა ქსელებს, გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლების ნაცვლად, დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები შეამოწმებენ.
აღნიშნულ ცვლილებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.
დოკუმენტის თანახმად, კანონის მიღებისა და გამოქვეყნებისთანავე ინსპექტირების ორგანო ხდება სამშენებლო ნორმებსა და წესებთან ბუნებრივი გაზის სისტემების შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და გააჩნია პასუხისმგებლობის დაზღვევა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, აღნიშნული ორგანოები გაზის შიდა ქსელების შემოწმების ვალდებულებას მთლიანად გადაიბარებენ, მათი შემოწმება წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო და ფასიანი. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ფასი იყოს რეგულირებული. სწორედ დამოუკიდებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას გამანაწილებელი კომპანია, უნდა გათიშოს თუ არა გაზმომარაგება კონკრეტული მომხმარებლისთვის.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე გაზის ქსელის შემოწმებას თავად გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ, რაც არასაკმარისია, ამიტომ აუცილებელია, რომ სამომავლოდ ქსელისა და გაზის დანადგარების გამართულად მუშაობაზე დასკვნა გასცენ დამოუკიდებელმა აკრედიტებულმა ორგანოებმა, რომლებსაც არც ერთ მხარესთან არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი. ასეთი ორგანოების ჩამოყალიბებამდე კი, სულ მცირე 2020 წლის განმავლობაში, იმოქმედებს ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, როდესაც შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ როგორც აღნიშნულ დამოუკიდებელ ორგანოებს, ისე არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების ინსპექტორებს და კვალიფიციურ პირებს.
ამასთან, ინსპექტირების ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების, შესაბამისობის, შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) და შემოწმების აქტის გაცემის საფუძვლები და წესი, ასევე შესაბამისი ეტაპების ამოქმედების ვადები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ უნდა მოამზადოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარი