თბილისის რეკრეაციული სივრცეების განვითარების სტანდარტი – ინტერვიუ ეკა ბეჟაშვილთან

თბილისის რეკრეაციული სივრცეების განვითარების სტანდარტი – ინტერვიუ ეკა ბეჟაშვილთან

138
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, პარკების და სხვა რეკრეაციული სივრცეების ახალ სტანდარტებზე მუშაობა დაასრულა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, დოკუმენტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და  თბილისის ლანდშაფტური თავისებურებების გათვალსიწინებით დამუშავდა.

შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის შემდეგ, შემუშავებული დოკუმენტის განსახილველად და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თბილისის მერიაში დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრაც გაიმართება.

რას შეცვლის ეს დოკუმენტი ქალაქისთვის და რა არის მისი მთავარი კონცეფცია? “სითი კვირა” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსს, ეკა ბეჟაშვილს ესაუბრა.

-კონკრეტულად, ვინ მუშაობდა დოკუმენტზე?

-დოკუმენტზე მუშაობდნენ გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ვენის ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, გენდერული თანასწორობის საკითხების ექსპერტი, ურბანისტი დორის დამიანოვიჩი.

-რა პრინციპებით იხელმძღვანელეთ სტანდარტის შემუშავებისას და რომელი ქალაქების მაგალითები განიხილეთ?

-დოკუმენტი შემუშავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მრავალი ქვეყნის მსგავსი დოკუმენტების ანალიზის და დამუშავების საფუძველზე. განსაკუთრებით ქალაქი ვენის გამოცდილება და შესაბამისი ექსპერტების კონსულტაციები გამოვიყენეთ.

-რა არის დოკუმენტის მთავარი კონცეფცია?

-დოკუმენტი მოიცავს გზამკვლევს და ზოგად აუცილებელ კრიტერიუმებს სარეკრეაციო სივრცეების განვითარების კუთხით, ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტებს სივრცეების დაგეგმარების პროცესში, სოციალური თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპების ინტეგრირებით დაგეგმარებული რეკრეაციული სივრცეების სარგებელის და კეთილმოწყობის ხარისხის ნიშან-თვისებებს. დოკუმენტში წარმოდგენილია სარეკრეაციო სივრცეებში არსებული ობიექტების ხარისხის სტანდარტი და სივრცითი ორგანიზაციის გაიდლაინები.

-რა მიმართულებებს მოიცავს ის?

-ინკლუზიური სივრცეების განვითარება, ლანდშაფტის არქიტექტურა და დიზაინი, სოციალური თანასწორობის საკითხები და მათი ინტერპრეტაცია საზოგადოებრივ სივრცეებში და სხვა.

-რა შედეგს მოგვცემს ეს დოკუმენტი და დაახლოებით, რა დრო დასჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ მისი პირველადი შედეგები დაინახოს?

-დოკუმენტის ოფიციალური აღიარების შემთხვევაში, მასში წარმოდგენილი პრინციპების და კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამაღლდება სივრცეების დაგეგმარების ხარისხი, მათი სარგებელი და გამოყენების შესაძლებლობები. პირველადი შედეგების დანახვა შესაძლებელი იქნება ახალი სივრცეების განვითარების შედეგად, არსებული პარკების/სკვერების რეაბილიტაციისას.

-რა არის მთავარი, რასაც ეს დოკუმენტი თბილისში შეცვლის?

-თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო სივრცეების ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდება, მნიშვნელოვნად გამარტივდება მშენებელ კომპანიებისათვის ტექნიკური დავალებები, სარგებელს მიიღებენ დედაქალაქში მაცხოვრებელი ყველა ასაკის და სოციალური ჯგუფები, რამდენადაც გაუმჯობესდება მათი მოხმარების ხარისხი და შესაძლებლობები. გაიზრდება სარეკრეაციო სივრცეებში აქტივობების რიცხვი და ინფრასტრუქტურული ბაზა.

-ეს დოკუმენტი მხოლოდ ახალ სარეკრეაციო სივრცეებს ეხება, თუ უკვე არსებულსაც?

-დოკუმენტში განსაზღვრულია განვითარების პირობები როგორც ახალი სივრცეებისთვის, ასევე რეაბილიტაციის პროცესისთვისაც.

კომენტარი