რას აკეთებდა ბულდოზერი კუს ტბასთან მდებარე ბილიკზე – ინსპექციამ მძღოლი დააჯარიმა

რას აკეთებდა ბულდოზერი კუს ტბასთან მდებარე ბილიკზე – ინსპექციამ მძღოლი დააჯარიმა

487
გაზიარება

“პარტიზანი მებაღეების” წევრმა, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეოჩართვა, რომელიც კუს ტბის მიმდებარედ, ერთ-ერთ ბილიკზე ბულდოზერის გამოჩენას უკავშირდებოდა. ბულდოზერი, რომელიც, ერთი შეხედვით, რაღაც სამუშაოს ასრულებდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ გუშინ შენიშნა. მანვე გამოიძახა თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც ბულდოზერის მუშაობა შეაჩერა.

მოქალაქეები დაინტერესდნენ, თუ რას საქმიანობდა ბულდოზერი. მძღოლმა გუშინ  უპასუხა, რომ მარაბდის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ტერიტორიამდე (აღნიშნული მშენებლობა, სასამართლოში მოსახლეობის პროტესტის საფუძველზე, ამჟამად შეჩერებულია) ტექნიკის გადასაადგილებლად გზა გაყავდათ, ხოლო დღეს განაცხადა, რომ მან თავად გადაწყვიტა, სამშენებლო ტერიტორიამდე ამ ბილიკის მეშვეობით გადაადგილებულიყო.

მარაბდის ქუჩა ძალიან ვიწროა, განსაკუთრებით, ტექნიკის გადასაადგილებლად. მარტივად გადაადგილება არც ამ ბილიკზე იყო შესაძლებელი და ამიტომ ბულდოზერმა გზაც და ხე-მცენარეებიც დააზიანა, რის გამოც მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლი დააჯარიმა.

როგორც ინსპექციაში განმარტავენ, გზის დაზიანების გამო, ფიზიკურ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერა, ხოლო ნარგავების დაზიანებისთვის განკუთვნილი ჯარიმის ოდენობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც გამწვანების სამსახური ზარალს დაითვლის.

ამჯერად ბულდოზერი კვლავ ადგილზეა და მას მოგვიანებით გაიყვანენ.

კომენტარი