მწერლისა და გენერლის მზარეულის სახლის ისტორია

მწერლისა და გენერლის მზარეულის სახლის ისტორია

128
გაზიარება

სახლი ჯავახივშილის ქუჩის მხრიდან სამ, ხოლო სანაპიროს მხრიდან ხუთ სართულს ითვლის. შენობის ფასადზე დამაგრებულია მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ ამ სახლში 1913-1937 წლებში ცხოვრობდა მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, თუმცა მე-19 საუკუნეში აშენებული ეს შენობა მხოლოდ ამ გარემოების გამო არ იქცევს ყურადღებას. გარდა იმისა, რომ საინტერესოა მისი ისტორია, ის ერთადერთია ვერის დაღმართზე აშენებული რამდენიმე ათეული სახლიდან, რომელიც ნგრევას გადაურჩა.

მიხეილ ჯავახიშვილმა ვერის დაღმართზე ბინა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეარჩია. მწერლის მეუღლის, ლუბა ჯაჭვაძის მოგონებების მიხედვით, რუსეთიდან თბილისში ჩასული წყვილი ჯერ სასტუმროში, შემდეგ კი ეკატერინე გაბაშვილის სახლში, ავეჯით გაწყობილ ორ ოთახში ცხოვრობდა, თუმცა მალევე გადაუწყვეტიათ ცალკე ბინის დაქირავება. ლუბა ჯაჭვაძე წერს: „ბევრი ძებნის შემდეგ ელბაქიძის დაღმართზე, 21-ე ნომერში, ოთხოთახიანი ბინა ვიშოვეთ. გადავიტანეთ ბარგი, რაც ვლადიკავკავიდან ჩამოტანილი გვქონდა და ახალი ცხოვრება დავიწყეთ“.

სწორედ ამ მისამართზე, ყოფილი ელბაქიძის 21 ნომერში, მესამე სართულის ოთხ ოთახში განთავსებულია მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი. მიხეილმა სწორედ ამ ბინაში გადასვლის შემდეგ განაახლა მრავალი წლის განმავლობაში შეწყვეტილი ლიტერატურული საქმიანობა და აქ შექმნა თავისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.

სახლი 1900 წელს აუშენებია გენერალ ყორღანოვის შეფმზარეულს, სიმონ გაბრიჩიძეს. ჯავახიშვილის 21 ნომერში დღესაც ცხოვრობენ სიმონ გაბრიჩიძის შთამომავლები, რომელთა თქმით, ყორღანოვი დახმარებია თავის მზარეულს, აეღო კრედიტი და აეშენებინა ეს სახლი. თავიდან შენობა, ვერის დაღმართის მხრიდან, ორსართულიანი იყო, შემდეგ, 1913 წელს, დააშენეს მესამე სართული. შენობა, ცხადია, გაქირავებული იყო და შემოსავალს აძლევდა პატრონს.

სიმონ გაბრიჩიძის სახლში ფართობს ქირაობდნენ ცნობილი თბილისელი კომერსანტები. მათ შორის ძმები სეილანოვებიც, მაგრამ ყველაფერს წერტილი დაესვა 1921 წლის თებერვალში.

„როგორც კი კოჯრიდან მოისმა სროლის ხმა, მიხვდა სიმონი, რომ შემოვიდნენ ბოლშევიკები და დაიღუპა ერთ წუთში. ფაქტიურად, გადაჰყვა ამ ამბავს, რადგანაც იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა ბოლშევიკების გამარჯვებას. ამის შემდეგ სიმონის ცოლს უთხრეს, სახლის ფასადი უნდა გააკეთო, თორემ ჩამოგართმევთო. ბებიის სურათი მაქვს, რომელზეც სამრიგად აქვს შემოხვეული ოქროს მსხვილი ჯაჭვი. სწორედ ეს ოქროული ჩადო „ტორგსინში“ და აღებული ფულით გაარემონტა ეს სახლი. როგორც კი გააკეთა, მაშინვე ჩამოართვეს“, – იხსენებდა სიმონ გაბრიჩიძის შვილიშვილი მარინე გაბრიჩიძე.

მიხეილ ჯავახიშვილი შინსახკომმა 1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთში დააპატიმრა, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ბინა კი 13 აგვისტოს გაჩხრიკეს და დალუქეს. დახვრეტილი მწერლის ოჯახს ოთხი ოთახიდან მხოლოდ ერთი დაუტოვეს. დაიკარგა მწერლის პირადი ნივთების დიდი ნაწილი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა თავად მწერლის ნეშტი. შესაბამისად, ამ ფონზე მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ერთადერთ მემორიალად შემორჩა ეს შენობა, რომელიც დღესდღეობით ისევე მარტო დგას, როგორც, უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, მარტო იდგა თავად მიხეილ ჯავახიშვილი. „ჩემი დევიზია: მარტო ვარ“, – წერდა მწერალი.

მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახმა ბინა მწერლის რეაბილიტაციის შემდეგ – 1954 წელს დაიბრუნა. რაც შეეხება მთლიან შენობას, 2007 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რამაც გადაარჩინა კიდეც დანგრევას.

შენობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ მასში მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა, არამედ იმათაც, რომ კარგად აღწერს მე-19 საუკუნის საქართველოს სამშენებლო კულტურას. სახლი აშენებულია ციცაბო ფერდობზე. ზედხედიდან კარგად ჩანს, რომ შენობას ტრაპეციის ფორმა აქვს და არა მართკუთხედისა. მორგებულია რელიეფზე. სარდაფში მოწყობილია სანიაღვრე არხები (ულამაზესი თაღებია ამოყვანილი), რომლებიც 120 წელია შეუფერხებლად და საიმედოდ ატარებენ ნაჟურ თუ გრუნტის წყლებს.

მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტებმა გაუძლო დროს. დროს გაუძლო გენერალ ყორღანოვის მზარეულის სახლმაც.

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

წყარო: თბილისური ფოლორცი

კომენტარი