რატომ იმატებს მეტროში მგზავრთა ნაკადი და როდის გამოსწორდება ვითარება?

რატომ იმატებს მეტროში მგზავრთა ნაკადი და როდის გამოსწორდება ვითარება?

1432
გაზიარება

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა გაზრდილი ნაკადის ამსახველ ფოტოებს. არც თუ ისე იშვიათად მიაჩნიათ, რომ ნაკადის ზრდის მიზეზი ტაქსების რეფორმა, უფრო სწორად, ტარიფების გაძვირება და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე მიწისზედა ტრანსპორტის გადაადგილებას ზღუდავს.

“ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ მგზავრთნაკადის ზრდის ძირითადი მიზეზი არც ტაქსის მომსახურების ტარიფებია და არც მიმდინარე სამუშაოები.

“თბილისის მეტროში მგზავრთნაკადი ისედაც ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით, 2016 წელთან შედარებით. მას შემდეგ, რაც ახალი სადგური “სახელმწიფო უნივერსიტეტი” გაიხსნა, მაღლივ კორპუსში მიმავალი სტუდენტებისთვის მეტრო საკმაოდ მიმზიდველი ტრანსპორტი გახდა. შედეგად, 2016 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა.

ყოველწლიური მატების გარდა, მეტროში მუდმივად იყო სეზონური მატებაც. ბუნებრივია, ზაფხულში ნაკადი იკლებს და სასწავლო წლის დაწყებისას იმატებს. წლიური მგზავრთნაკადის მატების ფონზე სეზონურმა მატებამ გამოიწვია ის, რომ მგზავრთნაკადმა მიაღწია ისეთ ნიშნულს, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე არ ყოფილა. საუბარია დღეში 485 000 ადამიანზე. ასეთი მაჩვენებელი ძალიან ახლოს იყო 90-იანი წლების მაჩვენებელთან, როცა ქალაქში მხოლოდ მეტრო მუშაობდა და სხვა ტრანსპორტი არ იყო.

სეზონური მატება დაიკლებს დეკემბრის ბოლოს და თებერვალში ისევ დაიწყებს მომატებას. ივნისში მატება შეწყდება. ზაფხული და სექტემბრის პირველი ნახევარი კვლავ შედარებით ნაკლებად დატვირთული იქნება, მაგრამ ასეთი კოლაფსს შემდეგ აღარ მივიღებთ. მეტროს ახალი ვაგონები ემატება – ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ფიზიკურად ვერ მოესწრება იმაზე სწრაფად, ვიდრე ახლა მიმდინარეობს. სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. მეტროს მთელი რეზერვი, 29 ვაგონი გადის კაპიტალურ რემონტს და ექსპლუატაციას უბრუნდება. საბურთალოს ხაზი გადადის ოთხვაგონიან მატარებელზე და პირველ ხაზსაც რამდენიმე მატარებელი ემატება. გარდა ამისა, მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადდება ტენდერი 40 ახალი ვაგონის ანუ 10 სრულიად ახალი მატარებლის შესყიდვაზე. ნაწილი მათგანი დაემატება არსებულ ვაგონებს და ნაწილის ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც 1974-1977 წლებშია გამოშვებული და რემონტის შედეგადაც ვეღარ ფუნქციონირებენ გამართულად.

დღეს მეტრო არის ახლოს იმ ზღვართან (500-520 ათასი მგზავრი),  რის შემდეგაც გადატვირთულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობა საკმაოდ მძიმე სანახავია, სუფთა მათემატიკური თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ არ არის კრიტიკული. თუმცა, სასიხარულო ისაა, რომ სანამ ნაკადი 520 ათასს მიაღწევს, მანამდე ჩვენ დავასწრებთ და ვაგონების რაოდენობას გავზრდით ისე, რომ, დაახლოებით, ერთ წელიწადში ასეთი პრობლემა არ გვექნება და 2021 წლის ბოლოს, როცა ორმოცივე ვაგონი დაგვემატება, პრობლემა მოიხსნება. ამავდროულად, გადახალისდება მიწისზედა ტრანსპორტი და დაგვემატება ავტობუსებიც.

რაც შეეხება ნაკადის მატების დროებით ფაქტორს, ამაში შეგვიძლია გადათხრილი ქუჩები და ტაქსის ტარიფის გაძვირებაც მოვიაზროთ, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ მიზერული ნაწილია. ეს არ არის გადამწყვეტი.” – აღნიშნავს გიორგი ბაბუნაშვილი.

კომენტარი