ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლების თვითდასაქმებას ხელს არ უშლის – ეკა ლალიაშვილი

ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლების თვითდასაქმებას ხელს არ უშლის – ეკა ლალიაშვილი

85
გაზიარება

პროდუქტისა და მომსახურების წარმოების, მათ შორის ტრანსპორტის მოწესრიგება და თანაბარ, კონკურენტულ გარემოში მოქცევა, საქართველოს მასშტაბებში ისეთი მსხვილი ბაზრისთვის როგორიც თბილისია, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამ მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები რამდენიმე მიმართულებით უკვე გადაიდგა. ეს ეხება სამშენებლო ბიზნესს, შრომის უსაფრთხოების საკითხებს. დაბოლოს, უკვე შემდგარი ტაქსების რეფორმას, რომელმაც, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ხელშესაღები შედეგი გამოიღო.
თბილისის ტაქსის რეფორმის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.

– რა მთავარი წინაპირობები უძღოდა ტაქსის რეფორმას?

– ჩვენ ვხედავთ, რომ ტაქსების სფერო, ფაქტობრივად, მოუწესრიგებელი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ მგზავრი ტაქსის მომსახურებით უკმაყოფილო იყო. გნებავთ, უსაფრთხოების თუ ფინანსური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, ქალაქის ხელმძღვანელობამ იზრუნა ამ სეგმენტის მოწესრიგებაზე.

– რეფორმამდე ტაქსების რა წილი მოდიოდა ჩვეულებრივ ტაქსებზე და რა – კომპანიებზე, რომლებიც აპლიკაციების მეშვეობით ემსახურებოდნენ კლიენტებს?

– როგორ იყო გადანაწილებული, ვერ გეტყვით. უცნობი იყო, რამდენი ტაქსი ემსახურებოდა ქალაქს, საწყის ეტაპზე აღრიცხვიანობა არც არსებობდა. დავაფიქსირეთ, რომ 26 ათასზე მეტია მსურველი, ტაქსით მომსახურება განახორციელოს. ამაში იგულისხმება ელექტრონულად, ტელეფონით გამოძახება და ქუჩაში ტაქსის გაჩერება. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მუშაობს, სტანდარტი ყველასთვის ერთი უნდა იყოს: უსაფრთხო და მოწესრიგებული. იმედი მაქვს, შემდეგი უფრო მნიშვნელოვანი ეტაპები განხორციელდება. კერძოდ, მძღოლების მიმართ, რომ ტაქსი მხოლოდ თეთრი უნდა იყოს და ტექდათვალიერება ჰქონდეს გავლილი. მძღოლიც იყოს პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული.

– რომელ ტაქსებს უფრო მეტი ჰყავს მომხმარებელი: მათ, ვინც ტაქსის ნიშნით მოძრაობს თუ აპლიკაციის მქონე ტაქსებს?

– ჩვენ ასეთი კვლევა არ ჩაგვიტარებია და ვერ გეტყვით, მაგრამ გამოძახებულ ტაქსებზე სერიოზული მოთხოვნაა. პიკის საათისა და უამინდობის დროს ქუჩაშიც ვერ გააჩერებ ტაქსის. ორივე მოთხოვნადია.

– სეგმენტების მიხედვით, თუ არის ცნობილი, რამდენია ტაქსისტის დღიური შემოსავალი?

– ვერ გეტყვით. ასეთი სტატისტიკა არ გამოგვითხოვია.

– გაქვთ ინფორმაცია, რეფორმის განხორციელებამდე რამდენი ტაქსი მოძრაობდა თბილისში?

– რეფორმის განხორციელებამდე უცნობი იყო, რამდენი ტაქსი მოძრაობდა ქალაქში. იყო ვარაუდი, რომ ეს ციფრი 10 ათასს, 40 ათასს შეადგენდა. ახლა აღრიცხვიანობამ აჩვენა, რომ რეალურად ამ სფეროში დასაქმების მსურველი ამდენი არ არის.

– ქალაქების იერსახეს ლანდშაფტი, არქიტექტურა და სხვა მრავალი კომპონენტი განსაზღვრავს. რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალაქისთვის ტაქსის ვიზუალური მხარე – ჩვენ შემთხვევაში თეთრი ფერი?

– ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტაქსის ვიზუალური მხარე, თუმცა არა გადამწყვეტი უსაფრთხოების ნაწილში. პირველ ეტაპზე, ალბათ, მნიშვნელოვანია, ყურადღება უფრო მგზავრთა უსაფრთხოებას ექცეოდეს. თუმცა, ამაზე საუბარი უკვე ძალიან გვიანია, რადგან ფერი დადგენილია და რეფორმა უკვე შედგა.

– A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მისაღებად ფერის შეზღუდვა ამცირებს თუ არა ტაქსების რაოდენობას, თუ პირიქით, ციფრულ სერვისებზე გადასვლას უწყობს ხელს და ამით, მაღალი კონკურენციის პირობებში, ფასს შემცირებისკენ უბიძგებს?

– ასე გადაჭრით ვერ გეტყვით. ეს გარდამავალი ეტაპია. ბევრს არ უნდა, გაათეთროს თავისი მანქანა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეზღუდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა იყოს მიბმული გამოძახებასთან. თუ მოახერხებს და სხვა ტიპის მომსახურებაზე, ელექტრონულზე, გადაერთვება, ამას ცოტა დრო სჭირდება. პირველ ეტაპზე შესაძლოა, იყოს ქაოსი და ვხედავთ, რომ გარკვეული დისკომფორტი იქმნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე დალაგდება, როდესაც მძღოლები გაერკვევიან, სად ურჩევნიათ. შესაძლოა, გამოძახებით უფრო მოგებიანი იყოს. კერძოდ, ამ მომენტში, როდესაც უკვე დეფიციტია ქუჩაში გასაჩერებელი ტაქსი, მომხმარებელი ელექტრონულზე გადაეწყოს.

– როგორც იცით, თვითდასაქმების კომპონენტი ქვეყნის შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორში თვითდასაქმების ხელშეწყობა და ხომ არ აფერხებს ახალი რეგულაციები ტაქსის სეგმენტში თვითდასაქმების პროცესს?

– ახალი წესები და რეგულაციები ტაქსის მძღოლების თვითდასაქმებას ხელს არ უშლის. უბრალოდ, დისკომფორტია მათთვის. კერძოდ, ფერის გამო A კატეგორიაში იყვნენ, თუ B კატეგორიაში. მათ არავინ ეუბნებათ, რომ არ იტაქსაონ, უბრალოდ წესების შესაბამისად უნდა განახორციელონ საქმიანობა.

წყარო: kvira.ge

კომენტარი