თბილისი საავტორო თოჯინების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი საავტორო თოჯინების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

85
გაზიარება

2 ნოემბერს, 14.00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საავტორო თოჯინების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს – „ArtDoll Tbilisi“ –  უმასპინძლებს.
ორგანიზატორები ცნობით, საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ხელოვანების საავტორო ნამუშევრები. მოწვეულია სხვადასხვა ქვეყნის (ესტონეთი, რუსეთი, მოლდავეთი, ჩეხეთი, გერმანია, უკრაინა, ბელორუსია, ნიდერლანდი, აზერბაიჯანი, თურქეთი) 14  ცნობილი ხელოვანი. საქართველო წარმოადგენს ამ სფეროში მომუშავე 26 ხელოვანს, მათ შორის არიან ცნობილი მხატვრები და ხელოვანები.
პირველად საქართველოში, ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება საერთაშორისო საავტორო თოჯინების კონკურსი, თემაზე “World of Chanel”, რომლის მსვლელობაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება 3 გამორჩეული ნამუშევარი და მაყურებელთა პრიზის მფლობელი.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალზე პოპულარულია, ხელოვნების ნიმუშები ინახება მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებში, მუზეუმებში, გამოფენილია გალერეებში.
თოჯინები მზადდება მრავალფეროვანი მასალისაგან, დაწყებული ,,პაპიე-მაშეთი“, დამთავრებული დახვეწილი ფაიფურით, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს თოჯინების ღირებულებას. უმნიშვნელოვანესია ჩანაფიქრი, იდეა, მხატვრული იდეის ხორცშესხმა და ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელება.
ამჟამად მიმდინარეობს თოჯინების შექმნის ხელოვნების ინტენსიური განვითარება და დახვეწა: ინტერიერული თოჯინა, თოჯინა არტ-ობიექტი, რეპლიკანტი, რებორნი და ა.შ.
ბოლო დროს აქტუალური ხდება კონცეპტუალური თოჯინა.
აღნიშნული ფესტივალის, რომლის ორგანიზატორი საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლია“, მიზანია ქალაქის მოსახლეობისათვის სტილის, მხატვრული სახეების, მუშაობის ტექნიკის მრავალფეროვნების ჩვენება.
ფესტივალი 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარი