თბილისში საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია ტარდება

თბილისში საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია ტარდება

62
გაზიარება

თბილისში საგანმანათლებლო საკითხებით დაინტერესებულთათის მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი იმართება – „ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების (ETUCE)“ ორგანიზებით, პირველად საქართველოში, სამდღიანი მრგვალი მაგიდა გაიხსნა სახელწოდებით – „სოციალური გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე“.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 68 წარმომადგენელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფკავშირის აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან კონსესუსის საფუძველზე მიიღება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

აღსანიშნავია, რომ ETUCE-ის პრეზიდენტმა კრისტინა ბლოუერმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე სოციალურ პარტნიორობას, სოციალურ დიალოგს და წარმატებული უწოდა ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ გარდაქმნებს, რაც მისი თქმით, არის გარანტი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისა.

ETUCE-ი ყოველ მეორე წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების პროფკავშირული ლიდერებისთვის მართავს მრგვალ მაგიდას, რომლის მიზანია ევროპის რეგიონის განათლების დარგისთვის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. აღსანიშნავია, რომ ETUCE ევროპის 51 ქვეყნის, 132 განათლების პროფკავშირის 11 მილიონ მასწავლებელს აერთიანებს, შესაბამისად, მაღალი დონის საერთაშორისო მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოში დადასტურებაა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების აღიარებისა და მხარდაჭერის.

კომენტარი