სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა

101
გაზიარება

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიისა და კამპანიის მხარდამჭერების შესახებ.

„ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სკოლის დირექტორები წარმოადგენენ. სწორედ ისინი განაპირობებენ და პირდაპირი გავლენა აქვთ, როგორც მასწავლებლების შრომით ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება და კარგი პრაქტიკების გავრცელება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისათვის“ – ამბობს გიორგი ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

კომენტარი