პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

80
გაზიარება

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო.

„რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი თხოვნით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა ინიციატივა პარკირების წესების დარღვევაზე სამართალდარღვევის ჯარიმის ზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს დასამუშავებლად კანონპროექტი წარვუდგინეთ. მივმართეთ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერა და ჯარიმის ოდენობა გაგვეზარდა.   გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ჯარიმა ორმოცდაათ ლარამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ჩვენ  ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ეს პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. ახალია ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე“, “, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პარკირების წესებს სიფრთხილით მოეკიდონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება.

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის sms შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე – ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი არის უფასო, შემდეგ უკვე ზონიდან გამომდინარე გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი