სარეკრეაციო სივრცეები გენდერულ პრინციპებზე დაყრდნობით

სარეკრეაციო სივრცეები გენდერულ პრინციპებზე დაყრდნობით

71
გაზიარება

თბილისის საკრებულოში პარკების და სხვა რეკრეაციული სივრცეების სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია უძღვებოდა, დოკუმენტის „მწვანე და სარეკრეაციო სივრცის განვითარების სტანდარტი: პარკების და ბაღების თანასწორუფლებრივი გამოყენებისთვის“ განხილვა გაიმართა.

დოკუმენტი თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აზიის განვითარების ბანკის დახმარებით შეიმუშავა. განხილვაში საქალაქო სამსახურის და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და გენდერული თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი სონომი ტანაკა, დოკუმენტზე მომუშავე უცხოელ ექსპერტთა გუნდი, ასევე დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს პროექტის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ძალიან  საინტერესო დოკუმენტია. უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და სარეკრეაციო სივრცეების სწორედ იმ კრიტერიუმების მიხედვით მოწყობა, რომელიც თანასწორუფლებიან, გენდერულ პრინციპებს ითვალისწინებს,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განცხადებით, ყველა სტანდარტი დედაქალაქის საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით სივრცითი მოწყობის და საზოგადოებრივი მოხმარების ხარისხის გაუმჯობესების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს.

კომენტარი