თინათინ ნიბლოშვილი – 2019 წლის განმავლობაში სახელი 90 გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭა

თინათინ ნიბლოშვილი – 2019 წლის განმავლობაში სახელი 90 გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭა

91
გაზიარება

თბილისის საკრებულოს წევრმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მოქალაქეებს ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა მოქალაქეთა განცხადებების ოპერატიულად განხილვაზე, საკითხების განხილვაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის გაზრდაზე, ასევე, კომისიის საქმიანობის პოპულარობის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე, ტოპონიმებისა და ნაკლებად ცნობილი გეოგრაფიული ობიექტების სახელების და ისტორიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ობიექტებისთვის იმ ღვაწლმოსილი ადამიანების სახელების მინიჭებაზე რომელთა სახელობის ქუჩებიც ამ დრომდე არ არსებობდა.

თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში სახელი 90 გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭა. მისივე თქმით, კომისიამ 300-ზე მეტი განცხადება განიხილა და კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.

„ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუჩებს ქართული კინოს ვარსკვლავების სახელები მიენიჭა, განხორციელდა 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ქუჩების სახელდება, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს შენობიდან დაიწყო დროშის გამოფენის პროცესი, რასაც სხვა უწყებებიც შეუერთდნენ.

კომისიის ინიციატივით, ჩატარდა თბილისის ქუჩების გენდერული კვლევა და გამოიცა შესაბამისი საინფორმაციო ბარათები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე თბილისის ქუჩების ისტორიული აბრების გამოფენა წარმოადგინა. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, ვაკის პარკში ბაღის აღსაზრდელების მიერ მომზადებული თბილისის ქუჩების მაკეტების მასშტაბური გამოფენა მოეწყო.

8 აგვისტოს გაიხსნა აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ქუჩა, თემატურად მოეწყო დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერი“,- ნათქვამია ანგარიშში.

წარდგენისას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ უახლოესი პერიოდის გეგმებზეც ისაუბრა.

თინათინ ნიბლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ერთ-ერთი ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, კომისია აქტიურად იმუშავებს თბილისში ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელის მინიჭებაზეც.

ღონისძიებას აფხაზეთის და 2008 წლის 8 აგვისტოს ომებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, რაიონის გამგეობების და თბილისის მერიის წარმომადგენლები, სს „ქართული ფილმის“ თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომენტარი