საქართველოს პირველი რესპუბლიკის მებრძოლებზე და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციაზე გამოფენა გაიმართება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მებრძოლებზე და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციაზე გამოფენა გაიმართება

76
გაზიარება

ხვალ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამოფენა გაიმართება, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წ) მებრძოლებს და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციას ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯარის და სახალხო გვარდიის არტეფაქტები, იარაღი, დროშები, ინფორმაცია უცნობ მებრძოლთა შესახებ და გრაფიკული მასალა.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, პირადი ნივთები ხელშესახებს გახდის ისტორიას, რომელიც ბოლშევიზმის პერიოდიდან მიზანმიმართულად ყალბდებოდა.

“გამოფენისთვის შეირჩა 1918-1921 წლების მთავრობის სასახლის შენობა, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მდებარეობდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი.

იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეროვნული სამხედრო მუზეუმის შექმნის აუცილებლობას გააჟღერებს.

სამხედრო მუზეუმი ეროვნული პროექტია, რომელიც პატრიოტული აღზრდის, სამხედრო ისტორიის დეტალური კვლევის და განათლების მძლავრი კერა უნდა გახდეს. მუზეუმი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

იდეა გულისხმობს თანამოაზრეების მოძრაობას, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ეროვნული მუზეუმის ბაზაზე სამხედრო მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს, რითაც აღდგება ერის სამხედრო-ისტორიული მეხსიერება.

ამ პროცესის პარალელურად საინიციატივო ჯგუფი მოაწყობს პერიოდულ გამოფენებს, დაიწყებს ნივთების შეგროვებას მომავალი სამხედრო მუზეუმისთვის, შეიქმნება საიტი, სადაც განთავსდება მოპოვებული არტეფაქტები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსთვის მებრძოლები, წაგებული თუ მოგებული ომები, რამაც განაპირობა დღევანდელი რეალობა. საინიციატივო ჯგუფში შედიან ისტორიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადო პირები ვინც ამ იდეას იზიარებენ.

გამოფენა ტარდება სამოქალაქო მოძრაობის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარდაჭერით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი