კონფერენცია „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ თბილისში

კონფერენცია „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ თბილისში

81
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას – „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ დაესწრო.

კონფერენციაზე, რომელშიც 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებებზე იმსჯელეს.

თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორგანიზატორებს დედაქალაქში პროგრამის აქტიური  მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია მმართველობის დანერგვა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ნებისმიერი რეფორმა ამ პრიორიტეტის დაცვას ემსახურება. მისივე განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით სამოქმედო გეგმის ნაწილი თბილისის მერიის მიერ უკვე შესრულებულია და მისი იმპლემენტაცია 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„როცა ვმუშაობთ მმართველობის ხარისხის, ღიაობის, მისი ეფექტურობისა და დემოკრატიულობის ამაღლების საკითხებზე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ – პირველი, რომ ჩვენი დანერგილი ნებისმიერი სიახლე, რეფორმა აუცილებლად უნდა პასუხობდეს მოსახლეობის ინტერესებს და უნდა აისახებოდეს ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე. მეორე – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმებად ქცევა. სწორედ ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს თბილისის მერია ჩვენს ქალაქში ღია მმართველობის დანერგვის პროცესში, რაც ვფიქრობ, ნათლად ჩანს თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც შემუშავდა უშუალოდ თბილისის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრებისა და არსებული პრობლემების განხილვა-გაანალიზების შედეგად”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა თბილისის ადგილობრივი კონტექსტისთვის ყველაზე რელევანტური საშუალებების შექმნას უზრუნველყოფს, რომლებიც მერიასა და საზოგადოებას შორის სათანადო დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას, მერიის გამჭვირვალობის ამაღლებას, სერვისების გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას ემსახურება.

„მიხარია, რომ 2019 წლის IRM-ის, OGP-ს დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის დასკვნის შესაბამისად, თბილისს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მხრივ. მიხარია, რომ ღია მმართველობის პრაქტიკაში რეალიზების პროცესში, არა მხოლოდ თბილისის მერია არამედ, სხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც აქტიურად არიან ჩართული. დარწმუნებული ვარ, ამ პრინციპებით მოვახერხებთ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქალაქების განვითარებას და წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, UNDP-ს დახმარებით, თვითკონტროლის მიზნით, მერიამ ასევე შეიმუშავა და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს თვითშეფასებისა და მონიტორინგის წესს, რომელიც დღესდღეობით, OGP-ს ფარგლებში არსებულ ყველა მონიტორინგის ჩარჩოსთან შედარებით, არსებითად განვითარებულ საშუალებებს გვთავაზობს.

კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე, UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მიმართეს.

კომენტარი