რომის ქუჩაზე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

რომის ქუჩაზე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

76
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში რომის N4-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

„რომის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუსტად ეს არის ჩვენი ქალაქის ხიბლი, სილამაზე, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი შენობა, რომელიც თავისი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ღირებულია.

აღნიშნული სახლი და ეზო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, შენობა კონსტრუქციულად გამაგრდება. ასევე, ფასადი და შიდა ეზო ყველანაირად მოწესრიგდება. სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი მათი საცხოვრებელი ფართების ფასი ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება, რაც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რომის ქუჩაზე მდებარე შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ეს იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, არტ ნუვოს ყაიდაზე გაწყობილი შენობა, რომლის ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი გახლდათ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: შენობის საძირკვლის გამაგრება, გუმბათის რესტავრაცია, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა ავთენტური სახით. მისი შელესვა და შეღებვა, კვლევის შედეგად აღმოჩენილი ავთენტური ფერის შესაბამისად…

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 947 400 ლარს შეადგენს და მას შპს „ჯორჯიან ინჟინერინგი “ახორციელებს.

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე გაეცნენ.

კომენტარი