სიმთვრალეზე ერთ წელიწადში ორჯერ დაჯარიმება ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს

სიმთვრალეზე ერთ წელიწადში ორჯერ დაჯარიმება ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს

79
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის” – ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის” აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

„მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ, კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ.

მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც კამპანიის – “მეტი სიცოცხლისთვის” – პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა” ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით, კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 – ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 – ნომრის ამომცნობი. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს – კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის” ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.

გარდა ამისა, როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება. დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

კომენტარი