დღემდე არ არსებობს ტრანსპორტის განვითარების გეგმა – დავით მესხიშვილი

დღემდე არ არსებობს ტრანსპორტის განვითარების გეგმა – დავით მესხიშვილი

114
გაზიარება

თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომელიც თერთმეტ მარშრუტზე გავა. ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ავტოპარკის ჩანაცვლებას მიესალმება, თუმცა თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო კუთხით გადადგმულ ნაბიჯებში შეცდომებს ხედავს. როგორც მესხიშვილმა “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ამ სიახლეს როგორც კარგი, ისე ცუდი მხარე აქვს და ტრანსპორტის მიმართულებით, მთავარი გამოწვევა განვითარების ერთიანი გეგმის არარსებობაა.

“ახალი სატრანსპორტო საშუალებები, ნებისმიერ შემთხვევაში, ძველზე უკეთესია. ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების პარკის, პირველ ეტაპზე, ჩანაცვლება და შემდეგ მათი რაოდენობის ზრდა. ავტობუსების განახლებას და მატებას მხარს ვუჭერთ და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ამ დადებითის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჯერ ჩანაცვლება და პარკის ზრდა უნდა მომხდარიყო და შემდეგ, თუნდაც, ტაქსების რეგულაცია. მერიას თანმიმდევრული ხედვა არ გააჩნია და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პარალელურად უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი, პარალელურად არ მიმდინარეობს, რადგან რეგულაციებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას დაასწრო და კრიზისი გამოიწვია და მეორეც, ვინ თქვა, რომ პარალელურად მიმდინარეობა სწორია? ჯერ ავტობუსების საკმარისი რაოდენობა უნდა არსებობდეს, რადგან მეტროს განვითარების დიდი რესურსი არ გვაქვს. მით უმეტეს, ძალიან ძვირადღირებულია, თუმცა შემადგენლობები აუცილებლად უნდა დაემატოს. ზოგადად, ავტობუსების განახლების პროექტს მივესალმებით.

დღემდე არ არსებობს ტრანსპორტის განვითარების გეგმა. ქალაქის მერი ძალიან ხშირად ამბობს, რომ ტრანსპორტის პოლიტიკა წარადგინეს. რეალურად, ტრანსპორტის პოლიტიკა არ გვაქვს. ამაზე მუშაობენ და ეს კარგია, მაგრამ მომავალი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს და პრობლემაც ესაა: ახალი, მასშტაბური ცვლილებები მერიამ ამ გეგმის შემუშავებამდე დაიწყო. ამას კვლევა და პრობლემის ანალიზი სჭირდებოდა, რაც არ გაკეთებულა.

მე პირადად დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანის წინააღმდეგი ვიყავი, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წარმოების შეზღუდვაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. გასაგებია, რომ ერთდროულად ვერავინ აკრძალავს და მსოფლიოში დიზელისძრავიანი ტრანსპორტის წარმოება რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მიმაჩნია, რომ თბილისს შეეძლო, ყოფილიყო არათუ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეული. ჩამოეყვანათ, თუნდაც, რამდენიმე ელექტროავტობუსი. ჩვენ რეგიონში პირველობა ბევრი რამის გამო გვჭირდება, თუმცა ელექტროავტობუსები, პირველ რიგში, ჰაერის დაბინძურების მხრივ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ავტოინჟინრებთან კონსულტაციის შედეგად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება, ეკოლოგიის კუთხით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დიზელზე მომუშავე, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, უფრო ფასიდან და სატრანსპორტო საშუალებების ზომებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დიზელი ყოფილიყო.” – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კომენტარი