კანონიდან იღებდნენ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში არასაზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის მშენებლობას კრძალავს

კანონიდან იღებდნენ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში არასაზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის მშენებლობას კრძალავს

154
გაზიარება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიასა და ზაზა გაბუნიას ინიციატივით, კანონიდან უნდა ამოღებულიყო ის მუხლი, რომელიც თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების გარკვეულ ადგილებში შენობა-ნაგებობების მშენებლობას კრძალავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობის წევრებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

იურისტი ანანო ცინცაბაძე “სითი კვირასთან” საუბრისას ამ ამბის გარემოებებს განმარტავს:

-კანონიდან იღებდნენ მუხლს, რომლის თანახმადაც, ბაღებში, პარკებში, სკვერებსა და მსგავს საზოგადოებრივ ადგილებში, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს გარდა, არაფრის მშენებლობა არ შეიძლება. დასაბუთება იყო ასეთი: მაგალითად, ჯიხურს, მაღაზიას ან სასტუმროს ვერ ჩავდგამთ პარკშიო.

ამასთან ერთად, ჩვენს ქალაქში მოქმედებს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული აქტი, რომელიც სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას არეგულირებს. ის უშვებს, რომ მაგალითად, სარეკრეაციო ზონა2-ში შესაძლებელია არასაზოგადოებრივი დანიშნულების ისეთი ნაგებობის მშენებლობა, როგორიც სასტუმრო ან, ვთქვათ, რესტორანია. ამ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, კანონი და საკრებულოს დადგენილება, ანუ კანონქვემდებარე აქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება არაფრის მშენებლობა, გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობისა და საკრებულოს აქტი ამბობს, რომ ამ ზონალური შეთანხმების გამოყენებით, ეს შესაძლებელია. თუ კანონიდან ამ მუხლს ამოიღებდნენ, ეს წინააღმდეგობა აღარ იარსებებდა, ოღონდ პარკებსა და სკვერებში სასტუმროებისა და კერძო ნაგებობების მშენებლობის სასარგებლოდ…

საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ ზაზა გაბუნიამ  განაცხადა, რომ ამ მუხლს აღარ ამოიღებდნენ. ამ მუხლის დატოვებით, ხსენებული წინააღმდეგობა ისევ იარსებებს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით, თუ არსებობს წინააღმდეგობა კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ განაწესს, რომელიც იერარქიულად უფრო ზემდგომია.

კომენტარი