კრწანისის რაიონს დამატებით სამი ახალი სკვერი შეემატება

კრწანისის რაიონს დამატებით სამი ახალი სკვერი შეემატება

143
გაზიარება

კრწანისის რაიონში დამატებით, სამი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გორგასალის N39-ის მიმდებარედ, ნაგავსაყრელის ნაცვლად, სპორტული კომპლექსითა და საბავშვო ზონით აღჭურვილი რეკრეაციული სივრცე 600 კვ.მ-ზე ეწყობა.

პარალელურად, ფონიჭალაში 4 000 კვ.მ-ზე ძველი ავტოფარეხების ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის მოწყობა სრულდება, სადაც სპორტული მოედნები, ფიტნეს ზონები და სხვადასხვა გასართობი სივრცე განთავსდება.

სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ამავდროულად,  გორგასალის ქუჩაზე, N73-ის მიმდებარედ ხორციელდება, რომელიც 500 კვ.მ-ზე განთავსდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია და სპორტული მოედნის მოწყობის პარალელურად, ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ქუჩის კალათბურთის მოედანი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა დასასვენებელი ზონა, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი სკვერი მოეწყო, ახლა კი სკვერის მოწყობის სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს“, – აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგეობისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნა პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოეწყო და რეაბილიტირდა 29 სკვერი. რეკრეაციული სივრცეები ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარზე მოეწყო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი