სტივ ჯობსი ერთი საუკუნით ადრე… ოღონდ ქალი

სტივ ჯობსი ერთი საუკუნით ადრე… ოღონდ ქალი

147
გაზიარება

ნათელა იანქოშვილის პორტრეტული ხელოვნება“ ამ სახელწოდებით გაიხსნა ნახატების გამოფენა მისივე სახელობის მუზეუმში, რომელიც ორ თვეზე მეტხანს გასტანს.

„ნათელა იანქოშვილის პორტრეტული ხელოვნება“  – რუსთაველის 26-ში.

როდესაც იტალიელი არტ კრიტიკოსი და კურატორი გაია სერენა სიმიონატი ნათელა იანქოშვილის შემოქმედებას გაეცნო, ქართველი მხატვარი არტ სფეროში რევოლუციონერობით სტივ ჯობს შეადარა: „ნათელა ერთი საუკუნით ადრე მოღვაწეობდა და თან იყო ქალი!” ამბობდა სიმიონატი და დასძინა – „როცა ნათელა ამბობს, რომ „მასალის პრობლემები მას მეტ ძალასა და ენერგიას მატებს”, იგი წინ უსწრებს სტივ ჯობსის რჩევას Stay Hungry, Stay Follish! (იყავი მშიერი, იყავი სულელი!), რადგანაც ნათელა არ იყო მდიდარი, არასოდეს უნდოდა გაეყიდა თავისი ნახატები და ჰქონდა ექსცენტრული, უნიკალური ტემპერამენტი.

მოკლედ, მშვენიერი სული! ის განა მხოლოდ საოცარი მხატვარი იყო, ასევე ქმნიდა კაბებს, ჩანთებს, ფეხსაცმელებს და აქსესუარებს საკუთარი დიზაინით და უარყოფდა მოსაწყენ უნიფორმებს, რომლის ფერები საბჭოთა კავშირით იყო თავსმოხვეული.

ცოცხალი ლეგენდა ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ტექნიკურად. ეს კი გენიალურობის ნიშანია.

ნათელა იანქოშვილი იყო ნონკონფორმისტი”.

ნათელა იანქოშვილი დაიბადა ქალაქ გურჯაანში 1918 წელს 28 აგვისტოს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943).

იგი ძირითადად პორტრეტისტი და პეიზაჟისტი იყო.

თბილისში 1960–82 მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა. მხატვრის მთავარი ნამუშევრებია: პორტრეტები – “ნინო ჭავჭავაძე” (1958), “მამის პორტრეტები” (1959, ორივე – საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “ნუკრია” (1958), “ირმა ჩოფიკაშვილი” (1960), “ანა კალანდაძე” (1961), “მუხრან მაჭავარიანი” (1969), “მედეა ჯაფარიძე” (1976), “ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1978), “მიხეილ თუმანიშვილი” (1978, ყველა – მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – “მცხეთის ჯვარი” (1967), “კახეთი” (1974), “შატილის კუთხე” (1980); დაზგური გრაფიკა – “მეფე თამარი” (1960), “მთვარიანი ღამე” (1945). ავტორია სერიებისა: “სვანეთი”, “მექსიკა”, “კუბა”.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის დასურათება (1964–66).

არტ მენეჯერი, გალერისტი მამუკა ბლიაძე, რომელმაც 2000 წელს ნათელა იანქოშვილი მის ბინა – სახელოსნოში (ამავე წელს მხატვარმა თავისი სახლ – მუზეუმი გახსნა), რუსთაველის 26–ში გაიცნო, არტისტს „სახელოვნებო სამყაროს გმირს“ უწოდებს, რადგანაც ნათელა არ დაემორჩილა კომუნისტური ეპოქის კონიუნქტურას, რათა სოციალისტური რეალიზმის ხატვით პოპულარობა მოეხვეჭა.

ნათელა იანქოშვილი 2008 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯილდოები:

2000 – თბილისის საპატიო მოქალაქე

1996 – ღირსების ორდენი

1995 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

მხატვარ ნათელა იანქოშვილის მუზეუმი მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირი N26.

კომენტარი