ბანერული არქიტექტურის როლი ქალაქის ცხოვრებაში – ღირს თუ არა ამაში ფულის გადახდა

ბანერული არქიტექტურის როლი ქალაქის ცხოვრებაში – ღირს თუ არა ამაში ფულის გადახდა

147
გაზიარება

წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ ბინაში აკეთებთ კარგ რემონტს: დიზაინერი საუკეთესო ინტერიერს ქმნის, მშენებლები ფულს არ ზოგავენ მასალაზე და ცდილობენ ყველაფერი ახალი ტექნოლოგიებით შეასრულონ. შედეგად იღებთ სილამაზეს, რომელიც საუკეთესო ლონდონურ ბინებს არ ჩამოუვარდება. შემდეგ კი ერთ-ერთ კედელზე თქვენ აკრავთ თაბაშირ-მუყაოს იაფფასიან ფილას, ულამაზო “შპალერს” და ზედ ტელევიზორს ჰკიდებთ. ყველა ადამიანს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ? რატომ უნდა დახარჯო ფული და დრო რაიმე კარგისთვის და შემდეგ ეს გააფუჭო?

რატომღაც, ასეთი კითხვა, ქალაქებთან დაკავშირებით, ბევრს არ უჩნდება. ხშირად ძალიან ადვილია აქციო ქალაქი უფასო სარეკლამო გაზეთის ფერად გვერდად. ხალხი წყვეტს სახლების, როგორც სილამაზის და შთაგონების წყაროს ყურებას. საინტერესოა, რომ ადამიანები უამრავს ფულს ხარჯავენ უცხოეთში სამოგზაუროდ სილამაზის ძებნაში, მაგრამ ცხვირწინ არსებულს ვერ ამჩნევენ.

ჩვენ ბანერების ეპოქაში ვცხოვრობთ, ქუჩაში რეკლამა ძვირი “სიამოვნებაა”. თბილისის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ბანერების უკან ძველთბილისური აივნები იმალება. ზოგი შენობის პირვანდელი სახის გახსენება, ძველი ისტორიული სურათების გარეშე, უკვე ძნელია.

ფანჯრები სახლის თვალებია. იქ ჩასმული ბანერები მეკობრის სახვევებს წააგავს, რომელიც “ჰელოუინის” დღესასწაულისთვის ნორმალურია, მაგრამ სამსახურში, თათბირზე – შეუსაბამო. მიუხედავად იმისა, ეს სადღესასწაულო აბრაა თუ არა.

თბლისში ძალიან ბევრი შენობაა ისეთი, რომლის არქიტექტორული ღირებულება მაღალია, დიზაინი კი დახვეწილი და თანაც ძველებურია. მათზე განთავსებული უღიმღამო ბანერები ამ ლამაზ შენობებს ეშხს უკარგავს.

კომენტარი