ქართული კარიკატურის პიონერი

ქართული კარიკატურის პიონერი

118
გაზიარება

ნახატის ავტორი იმ არაქართული წარმოშობის ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გარეშეც მათი დროის თბილისის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა. იეთიმ გურჯი, საიათნოვა, ფარაჯანოვი… თბილისი მათ  გარეშე?

გერმანული წარმოშობის ქართველი მხატვარი, ოსკარ შმერლინგი ფევდონიმით „ოშლინგ“ ერთი ერთი მათგანია.

იგი თბილისში 1863 წლის 13 ივლისს დაიბადა.

სწავლობდა ჯერ თბილისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ მხატვრობას პეტერბურგსა და მიუნხენში.

თბილისში 1893 წელს დაბრუნდა.

იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი იყო. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში.

თანამშრომლობდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“, და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში.

1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.

იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „თავდადებულნი ქართველნი“, 1895; „იავნანამ რა ჰქმნა“, 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვა).

1930-იან წლებში დახატა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი ტილოები.

შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს. ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა.

ოსკარ შმერლინგი გარდაიცვალა 1938 წლის 2 იანვარს.

ვფიქრობთ შმერლინგის ნახატების კიდევ ერთხელ გადათვალიერება სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

 

 

კომენტარი