„ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“  – თბილისში საერთაშორისო ფესტივალი იწყება

„ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“  – თბილისში საერთაშორისო ფესტივალი იწყება

103
გაზიარება

დედაქალაქში „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება.

რიგით მეხუთე, საერთაშორისო ფესტივალი 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

დავიდე ამადიო 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. ფესტივალს ტრადიციულად ესტუმრებიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.

წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს ახალი პროექტით – „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“ ხვდება, რაც ძველი და თანამედროვე ხელოვნების პერფორმატიული წარმოდგენა იქნება.

პროექტი ითვალისწინებს ექსპერიმენტულ, ძველისა და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენას, რაც მოიცავს, ერთი მხრივ, ბაროკოს პერიოდის მუსიკის ავთენტურ შესრულებას, მეორე მხრივ, თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ავანგარდული კოსტიუმებით შექმნილ ქართული თანამედროვე ხელოვნების ახალ ნიმუშს.

Fuoco E Cenere

პროექტის ფარგლებში, 18-19 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში მაყურებელი იხილავს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას “ძველებური ცეკვები” (კოსტიუმების მხატვარი – უტა ბექაია), ხოლო 24-25 ნოემბერს, სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი “ფოლია”. პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“ „შემოქმედებითი საქართველოს“ კონკურსის გამარჯვებულია.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც ჩაატარებენ: გია ბუღაძე, მარიამ ალექსიძე, გიორგი კალანდია, თამარ ჩხეიძე და გიორგი კეკელიძე.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თბილისის ბაროკო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

ფესტივალის პროგრამასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა ისაუბრეს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, იტალიის საელჩო საქართველოში.

კომენტარი