„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გადაამზადეს

„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გადაამზადეს

80
გაზიარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ფონდის -„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, ასევე, „უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლური ალიანსის“ მხარდაჭერით, პროექტი – „საქართველო: უსაფრთხო ავტოპარკი და ნარჩენების მართვა“ განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „პროფესიული საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების შეგროვების უსაფრთხოდ მართვის ტრენინგ-კურსი“ ჩატარდა, რომელსაც სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოებასა და ნარჩენების შეგროვების უსაფრთხოდ მართვაში გადამზადდნენ, ხოლო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია საგზაო უსაფრთხოების კუთხითა და უსაფრთხო ავტოპარკის მიმართულებით აიმაღლეს.

პროექტი საქართველოში მოქმედი ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე, პროცესში სახელმწიფო და კერძო კომპანიების ჩართვასა და მათ მიერ ვალდებულებების აღებას ისახავს მიზნად. ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, ავტოპარკის მენეჯერების როლი, მძღოლთან და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები და ნარჩენების მართვისთვის განკუთვნილი უსაფრთხო ავტოპარკის ოპერირება.

ტრენინგ-კურსზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიაში მოქმედი ავტობუსების ექსპლუატაციის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის კუთხით, მათ მიერ ჩატარებული და დანერგილი მეთოდები გააცნო. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ მიმართა, რომელმაც კომპანიის მიერ განხორციელებულ, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლები, ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის უფროსი, ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები დაჯილდოვდნენ.

კომენტარი