„სასურათხატოს“ მფლობელისა და შაჰის კარის ფოტოგრაფის წიგნის პრეზენტაცია

„სასურათხატოს“ მფლობელისა და შაჰის კარის ფოტოგრაფის წიგნის პრეზენტაცია

105
გაზიარება

საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნის  ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“ პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ფართო საზოგადოებას წიგნი პროექტის ავტორებმა ირინა კოშორიძემ, ლიკა მამაცაშვილმა და გრიგოლ ბერაძემ წარმოუდგინეს.

მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფოტოგრაფი, ფოტოკოლექციონერი დიმიტრი ერმაკოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, კერძოდ თბილისში.

მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მრავალჟანრობრივი ფოტომატიანე შექმნა, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო და თბილისი, ასევე მისი მოგზაურობის შედეგად ასახული კავკასია, თურქეთი, ირანი და სხვა რეგიონები.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტომატიანე მთლიანობაში მოიცავს ათობით ათას ფოტოანაბეჭდს, მინის ნეგატივებსა და ალბომებს. ეროვნული მუზეუმის ფოტოარქივში დაცულ ამ მასალაში განსაკუთრებით გამოირჩევა ერმაკოვის მიერ შექმნილი ირანის ფოტომასალა.

წიგნში წარმოდგენილი ფოტოები ასახავს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ ირანის ყოფას, სივრცეს, პორტრეტებს, ყაჯარულ ეპოქას. წიგნის სტრუქტურაც სწორედ ამ მიმართულებით აიგო. ერმაკოვმა ირანში სამჯერ იმოგზაურა, რამაც საშუალება მისცა მას დეტალურად დაეფიქსირებინა და სიღრმისეულად წარმოეჩინა ქვეყანა.

დიმიტრი ერმაკოვი ირანში კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ენზელიდან შევიდა და იმოგზაურა გილანის პროვინციიდან თეირანამდე, რეშთის და ყაზვინის გავლით, იყო შაჰის კარის ფოტოგრაფი და შეძლო სრულად გადმოეცა ირანის იმდროინდელი ყოფა, ისტორიული ძეგლები, მნიშვნელოვანი მოვლენები. ერმაკოვის მხატვრული ხედვა ძალზე თვითმყოფადი და დიდი ინფორმაციის მატარებელია.

ერმაკოვის ფოტომატიანე, გარდა ისტორიული ღირებულებისა, სამეცნიერო დანიშნულებითაც გამორჩეულია და მნიშვნელოვან სინამდვილეს გვაცნობს ადრეული ფოტოგრაფიის შესახებ როგორც ირანში, ისე იმ ადგილებში, სადაც ის ფოტოარქივს ქმნიდა.

წიგნის პრეზენტაციაზე, საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იყო ციფრული ექსპოზიცია, სადაც დამთვალიერებელი გაეცნო წიგნში თავმოყრილ ფოტოებს თემატური თანმიმდევრობით: სივრცე, ყოფა, პორტრეტები.

დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი (1846-1916) — წარმოშობით იტალიელი, ორიენტალისტი, ეთნოგრაფი.

დიმიტრი ერმაკოვის მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ქალაქ ოდესიდან, ხოლო დედა — მოლაკნელი გლეხის ქალი.

1860-იან წლებში ახალგაზრდა ერმაკოვმა გაიარა, ანანურთან მდებარე სამხედრო-ტოპოგრაფიულ დეპოს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ტოპოგრაფების ერთწლიანი კურსი, რომელიც კავკასიის ცალკეულ კორპუსში 1812–1863 წლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნულ პერიოდში ის ეუფლება ადგილის ტოპოგრაფიულ გადაღებასა და საგამომცემლო საქმეს.

1870-იან წლებში ერმაკოვი გოლოვინის პროსპექტზე ხსნის საკუთარ ფოტო სახელოსნოს, სადაც დაიწყო ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტების გადაღება. სასურათხატო – ასე უწოდებდა ხალხი იმ ფოტო ატელიეს, რომელიც დიმიტრი ერმაკოვს ეკუთვნოდა.

დიმიტრი ერმაკოვი ბევრს მოგზაურობდა და იღებდა კულტურულ ძეგლებსა და ეთნიკური უმცირესობბების ტიპაჟებს.

1910 წელს დიმიტრი ერმაკოვმა თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა სვანეთში საიდანაც მან 1500 ნეგატივი ჩამოიტანა.

ერმაკოვის ფოტოკოლექციის დიდი ნაწილი ინახება საქართველოში ჯანაშიას მუზეუმში, ნაწილი ასლების სახით მოფენილია საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, აშშ-ს, დიდიბრიტანეთის რუსეთის მუზეუმებში.

დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი ფოტომასალა, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს, რომელთა უმრავლესობის ნახვა დღეს შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში.

მიუხედავად დიდი დამსახურებებისა, დიმიტრი ერმაკოვის არც გარდაცვალება და არც დაკრძალვა არც ერთ იმდროინდელ პერიოდიკაში არ გამოქვეყნებულა ნეკროლოგის სახით, გარდა 1916 წლის 29 ოქტომბრის № 242 „Тифлиский листок“-ისა, სადაც ეწერა:

„28 ოქტომბერს, დილის 6 საათზე, გარდაიცვალა დმიტრი ივანოვიჩი ერმაკოვი“

ყველაზე დიდი კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და საქართველოს ეროვნულ არქივში (კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი).

კომენტარი