ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ უბანში დაიწყო

ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ უბანში დაიწყო

105
გაზიარება

თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ერთ უბანში დაიწყო. ამჯერად ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის (ყოფილი მიქელაძის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი მთლიანად შეიცვლება, რაც მოსახლეობისთვის დღემდე პრობლემას წარმოადგენდა და დაზიანებული ქსელების გამო, გზის საფარის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა.

სამუშაოებს ისნის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) განახორციელებს.

მომდევნო ეტაპზე, გზის რეაბილიტაციას ისნის რაიონის გამგეობა ჩაატარებს.

550 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 6 000 კვ.მ ფართობზე ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასევე, დაიგება ასფალტის საფარი.

გარდა ამისა, ქუჩაზე, სადაც მოძველებული გარე განათების ქსელია, მოეწყობა თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა და ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდება.

ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 847 000 ლარი გამოიყოფა.

საგზაო სამუშაოების გამო, ხომერიკის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები კაკაბეთის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.

პროექტის დეტალებზე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ნოე ხომერიკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაიწყება და დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქედან, ორი თვის ვადაში GWP-ის მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ჩატარდება, ხოლო დანარჩენი ორი თვე ისნის რაიონის გამგეობას საგზაო სამუშაოების შესასრულებლად დასჭირდება.

კომენტარი