„ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ – კარლო ჩხეიძის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

„ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ – კარლო ჩხეიძის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

143
გაზიარება

მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიისა და იმ დროის მოღვაწეების გაცნობის მსურველთათვის თბილისში საინტერესო ღონისძიება იგეგმება – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 25 ნოემბერს ერთობლივად მართავენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი მემორიალური ალბომის პრეზენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ:

გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი;

გიორგი კლდიაშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი;

გივი მიქანაძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

ანტონ ვაჭარაძე – ალბომის შემდგენელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ბიოგრაფიის მცირე ნაწილი:

კარლო ჩხეიძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიაში და დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (9 აპრილი, 1864 წ. შორაპნის მაზრა, სოფ. ფუთი — გ. 13 ივნისი, 1926, ლევილი, საფრანგეთი)

იგი იყო ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.

კარლო ჩხეიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში.1887 წელს იგი გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც სწავლა ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში განაგრძო, საიდანაც 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო.

1892 წელს კარლო ჩხეიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და ნოე ჟორდანიასთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან, ეგნატე ნინოშვილთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს, ე. წ. „მესამე დასს“.

შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად, რომელიც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის – რსდმპ-ს შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლის ლიდერები იყვნენ ლენინი, პლეხანოვი, მარტოვი და სხვები.

1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.

ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, მაგრამ 1924–1925 წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც ლევილში მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებიდან.

შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც.

კარლო ჩხეიძის ბოლო წერილი

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 9 ივნისს თავი მოიკლა.

სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ.

უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

კარლო ჩხეიძე პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარი