გაზშემკრები ლილოს ნაგავსაყრელზე – რა მოლოდინი აქვს ქალაქის ხელისუფლებას?

გაზშემკრები ლილოს ნაგავსაყრელზე – რა მოლოდინი აქვს ქალაქის ხელისუფლებას?

94
გაზიარება

თბილისი გახდება საქართველოში პირველი ქალაქი, სადაც ნარჩენს მხოლოდ ნაგვად აღარ მივიჩნევთ და მისგან სარგებლის მიღება იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერია გეგმავს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრების მოწყობას, ხოლო მოგვიანებით, ნარჩენების გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს.

შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. პროექტზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, თავს გავართმევთ მას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “სითი კვირა” “თბილსერვის ჯგუფს” დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ დიდი ლილოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე, პირველ და მეორე უჯრედზე, გაზშემკრები სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, სატენდერო პროცედურები დაწყებულია, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი საპროექტო და შემდგომ სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია.

“თავდაპირველად ლილოს ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველ და მეორე უჯრედებზე განთავსებული 3 მლნ ტონამდე ნარჩენის კონსერვაცია და გაზის შეკრება / უტილიზაცია მოხდება. შემდგომ ეტაპზე კი, იგეგმება შეკრებილი გაზის გამოყენება და გარდაქმნა ელ.ენერგიად.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 15-20 წლის განმავლობაში დედაქალაქი, სავარაუდოდ, ენერგიის 5 მეგავატამდე დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს.” – განმარტავენ “თბილსერვის ჯგუფში”.

მათივე განცხადებით, დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი მე-5 კლასის შენობა-ნაგებობათა ჯგუფს განეკუთვნება, ამიტომაც პროექტირებისას აუცილებელია სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა და საკითხის დეტალური განხილვა, რაც პროექტირებისას აუცილებლად განხორციელდება.

კომენტარი