დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება – “მეტი დეველოპმენტის” 6-წლიანი ნიშა

დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება – “მეტი დეველოპმენტის” 6-წლიანი ნიშა

407
გაზიარება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ, „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობა და საკითხი იმ ეტაპზეა მისული, როდესაც სამშენებლო კომპანიების ჩართულობაა საჭირო. მოკლედ, ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება დედაქალაქის ახალმა მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა.

კომპანია “მეტი დეველოპმენტი” უკვე მეექვსე წელია, ამ პრიორიტეტით ხელმძღვანელობს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სწორედ სახლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარება და დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაა.

პირველ დაზარალებულებს, რომელთაც “მეტი დეველოპმენტი” დაეხმარა, სოლოლაკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი წარმოადგენდა, უფრო სწორად, 12 ოჯახი, რომელიც კუთვნილ ბინას ძველი ინვესტორისგან წლების განმავლობაში ელოდებოდა. შემდეგ კომპანიამ დიდუბეში 15-სართულიანი დაუსრულებელი კორპუსი ააშენა, რითიც 140-მდე დააკმაყოფილა. ეს კომპანიის პირველი ნაბიჯები იყო.

როგორც “მეტი დეველოპმენტის” დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, მათი სამუშაო სპეციფიკურია და ოფიციალური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, გაცილებით რთულია, ვიდრე მშენებლობის ნულიდან დაწყება.

-ასეთ დროს საქმეში რამდენიმე მხარე იკვეთება: დაზარალებული, მერია, ძველი ინვესტორი და ჩვენ – ვინც დაწყებული საქმე უნდა დავამთავროთ. ისეთ შემთხვევებში, როცა მხარეები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, შესაძლოა, საქმეში არსებობდეს პროკურატურის ან სასამართლოს შეზღუდვა, რაც ვითარებას უფრო ამძაფრებს და პროცესსაც აჭიანურებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულეა, რომელსაც შესაძლოა, ჩვენ გადავაწყდეთ. გარდა ამისა, ფიზიკური სამუშაოებიც დამატებით სირთულეს უკავშირდება. დეველოპერს ურჩევნია, ახალ ტერიტორიაზე თავიდან დაიწყოს ყველაფრის შენება. ეს ბევრად უფრო მარტივი პროცესია, ვიდრე სხვის მიერ დაგეგმარებულის შენს ჭკუაზე მოყვანა. პასუხისმგებლობაც მეტია მაშინ, როცა სხვისი გემოვნება საკუთარით უნდა ჩაანაცვლო.

-რატომ გადაწყვიტეთ, რომ წლების წინ ამ მიმართულებით დაგეწყოთ მუშაობა?

-ვთვლით, რომ კარგი საქმეა, როცა იმედგაცრუებულ ადამიანს ისეთ გამოსავალს სთავაზობ, რომელიც მისთვის ხსნა იქნება. გვეამაყება იმ ადამიანის დახმარება, რომელსაც არ ჰქონდა ბინა და 10-12 წლის მანძილზე სახლი დაკარგული ეგონა. ჩვენთვის ეს ერთგვარი სტიმულია, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

თავიდან, როცა ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, კონკურენცია არ არსებობდა და მე და ჩემი პარტნიორი პირველები ვიყავით. დროთა განმავლობაში სხვებიც შემოგვიერთდნენ და პროცესმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დასაფასებელია ისიც, რომ მერია ამ საკითხით დაინტერესდა და კომპანიებს მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენს კონკურენტებს, დაეხმარონ დაუსრულებელი ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს და ითანამშრომლონ მერიასთან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იქნება, თუ იმ საქმით, რომელშიც ოდესღაც გზის გამკვალავები ვიყავით, დღეს სხვებიც დაკავდებიან. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ უფრო ნაკლები დაზარალებული გვეყოლება.

იმ პროექტების გარდა, რომელთა შესახებაც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ დავასრულეთ კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ ვაკეში დაწყებული და დაუმთავრებელი მშენებლობა. ამჟამად კრწანისში ვაშენებთ 3 კორპუსს, სადაც 259 დაზარალებული ოჯახი იცხოვრებს. უახლოეს მომავალში კი, ვგეგმავთ ახალ პროექტს ღრმაღელეში, სადაც 120-ზე მეტ ოჯახს ექნება საკუთარი ბინა.

-თუ შეგიძლიათ, მიმდინარე პროექტზე, “ეკოსითი კრწანისზე” უფრო ვრცლად მოგვიყვეთ – როგორი იქნება ის და რამდენ ხანში დასრულდება მუშაობა?

-ესეც “ცენტრ პოინტის” დაუსრულებელი მშენებლობაა, რომელიც A, B და C ბლოკისგან შედგება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ მერიასთან და ამ ეტაპზე მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე ვართ, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტი 12-14 თვეში დავასრულოთ. სამი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა ავაშენოთ და თითოეული მათგანი სანახევროდ აშენებულია. ამჟამად ვმუშაობთ პროექტის კორექტირებაზე, რათა ის ახალ სამშენებლო რეგულაციებს მოვარგოთ.

მთელი ამ პროცესის მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ურთიერთობები გახლდათ. 259 დაზარალებულთან ურთიერთობა, რომელთაც ინვესტორისადმი ნდობა დაკარგული აქვთ, დიდ ძალისხმევასა და დროს საჭიროებს. 1 წლის განმავლობაში თითოეულ მათგანს ვესაუბრებოდით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროცესი დროში პროგნოზირებადი ხშირად ვერ არის, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული. დროის ფაქტორი ძალიან გვაწუხებს და შესაძლებელი რომ იყოს, ამ პასუხისმგებლობასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. თანაც, საკითხში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი მხარეა ჩართული.

ეკოსითი კრწანისი” ჩვენი საამაყო კომპლექსია. პირველყოვლისა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან მოლაპარაკება მოვახერხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კორპუსი უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა ნაშენები.

-საბოლოოდ, ეს პროექტი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც ძველ ინვესტორს ჰქონდა ჩაფიქრებული?

-ბუნებრივია! ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. უმაღლესი დონის პენტჰაუსები, რომლებიც მოწვეულმა უცხოელმა კონცეპტოლოგებმა დააპროექტეს, მთელი კორპუსის და მისი თითოეული ბინის ღირებულებას ზრდის, რაც მოსახლეობისთვის დამატებითი სარგებელია.

-საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, თავად მოსახლეობას ხომ არ უწევს თანხის დამატება?

-არა, მათ მხოლოდ ძველი დავალიანების დაფარვა უწევთ, თუკი ჯერ ბოლომდე არ აქვთ გადახდილი.

კომენტარი