ჰამქართა აჯანყება – თბილისის ისტორია

ჰამქართა აჯანყება – თბილისის ისტორია

181
გაზიარება

თბილისს ამბოხებისა და შეთქმულების უხსოვარი დროიდან უამრავი შემთხვევა ახსოვს. მათი უდიდესი ნაწილი ეროვნულობისა და რელიგიის დაცვისადმი იყო მიმართული. თბილისში სოციალური მოტივით შედარებით მცირე იყო, ერთ ერთი ასეთი შემთხვევაა 1865 წლის ჰამქართა აჯანყება.

ჰამქარი (იგივე – ამქარი) სპარსული სიტყვაა და სიტყვასიტყვით “თანამოსაქმეობას” ნიშნავს, ანუ ერთი ხელობის ადამიანთა ერთობას.

ზუსტად, თუ როდის ჩამოყალიბდა თბილისში ამქრები ძნელი სათქმელია, მაგრამ უდავოა, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინანდელი გაერთიანებაა. სათავეს სავარაუდოდ არბების მმართველობის დროის – 8-9 საუკუნეების შემდეგ იღებს.

ჰამქარი აერთიანებდა ერთი ხელობის ადამიანებს, მაგალითად ყველაზე საპატიო და ძველი ჰამქარი იყო ტყავის დამამუშავებელთა, ანუ დაბაღების, ხარაზების ოქრომჭედლების და ასე შემდეგ.

ამქრის დროშა. ზედა სავარაუდოდ დურგლების

ყველა ჰამქარს ჰქონდა თავისი დროშა – “ფირი”, რომელზეც იყო გამოსახული ღერბი. მაგალითად დურგლების ფირზე იყო ქრისტე (ქრისტეც, ხომ დურგალი იყო).

ჰამქარს ყავდა ხელმძღვანელი, ანუ უსტაბაში (სიტვასიტყვით – ოსტატების უფროსი). მისი მოადგილე, ანუ აღსაკალი – იგივე ბუღალტერი. ჰამქრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ ხელოსნები – ოსტატები – იგივე ყარაჩოღლები. მათ ყავდათ შეგირდები. ისინი თავის მოვალეობად მიიჩნევდნენ მოევლოთ ორგანიზაციის დავდრომილი წევრებისათვის, ქვრივებისა და ობლებისათვის.

იყო თქმულება, რომ ყველა ყარაჩოღელს ჰქონდა დიდი ვერცხლის ქამარი, იმისთვის, რომ მისი დაღუპვის შემდეგ ქამარი გაეყიდათ და კუბო შეეკრათ.

ზაქარია ჭიჭინაძე  – ფსევდონიმი “მთაწმინდელი”  (1854-1931წ)  

რაც ჰამქრის სოციალურ პროტესტს შეეხება, მასზე საზოგადო მოღვაწე  – ზაქარია ჭიჭინაძე 1906 წელს წერდა: „ამ ამბოხების დრო შორს არ არის, მაგრამ ჩვენში იგი დღეს ბევრს აღარც კი ახსოვს, თუმც დღესაც მის მომსწრენი ჯერ კიდევ ბევრნი არიან,  მაგრამ არავის აინტერესებს მისი მოგონება“

ზაქარია ჭიჭინაძის თქმით, “მიზეზები ამ აყალ-მაყლის და ამბოხებისა იყო მრავალნაირი და უმთავრესად კი ხალხის გაჭირებულ ცხოვრებით გამოწვეული.  აბა იმ დროს, ვინ რას იფიქრებდა, რომ 1865 წ. თბილისში, მოხდებოდა რამე იმგვარი, რაც კი 1863 წ. პოლონეთში იქმნა და სხვაგანაც, ხან წინედ და ხან შემდეგ.  ამ ამბოხებას რუსთა მთავრობის და მტრობის და ღალატის არაფერი ეცხო, თუმცა მაშინაც და ეხლაც რუსთა ჭეშმარიტი პატრიოტები ქართველებში ნაციონალურის მტრობის გარდა სხვას არაფერს ხედავდენ, ხოლო იმ დროის მეამბოხეთა შესახებ კი ამის თქმა არ შეიძლება, რადგანაც მეამბოხენი ხალხს რაზმავდენ თანამედროვე უწესოების, უსამართლობის და დიდი ხარჯების შესახებ და არა რუსეთის მთავრობის და რუსთა ქვეშევრდომ წინააღმდეგობის ხალხი წინააღმდეგ გამოვიდა ქალაქის გამგეობის არსებულ უწესოებისა და ამ უწესოების წარმომადგენელთა, ვინც უნდა ყოფილიყო იგი: რუსი, სომეხი, ქართველი თუ სხვა, ეს მეამბოხეთათვის სულერთი გახლდათ”

ამქართა შეკრება ამობოხებამდე

1865 წლისთვის თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა ქალაქის კეთილმოწყობისთვის საჭირო ხარჯები ამოეღო გაზრდილი გადასახადებიდან. გადასახადები შემოიღეს სავაჭრო და საწარმოო დაწესებულებზე, ქარვასლებზე. როგორც ჩანს ახალი გადასახადები ტვირთად დააწვათ ამქრებს და ითხოვეს გადასახადებსი გაუქმება, თუმცა ქალაქის გამგეობამ უარი განაცხადა. ქალაქის თავმა ვართანოვმა ბრძანება გასცა გადასახადების დაუყოვნებლივ აკრეფაზე, რასაც 1865 წლის 26 ივნისს ამქრების შეკრება მოყვა, ხოლო 27 ივნისს მთელი ქალაქი გაიფიცა, დაიხურა სასადილოები, დუქნები, ყავახანები, ეტლები გაჩერდა და ა.შ

მეფის ნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ორბელიანმა ამქრებს მოუწოდა, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ პროტესტს, მთავრობა ძალას გამოიყენებდა.  დემონსტრანტები პასკევიჩის (თავისუფლების)  მოედანზე შეიკრიბნენ და მოთხოვნები წამოაყენეს. შეტაკება გაიმართა შეკრებილებსა და ჟანდარმერიას შორის,  რასაც მოყვა გრიგოლ ორბელიანისა და ტფილისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ. ჯარისა და მოქალაქეთა დაპირისპირება 2 დღეს გაგრძელდა. დაიღუპა 20-ზე მეტი დემონსტრანტი, 16 კაცი ციმბირში გადაასახლეს, ხოლო 32-სსხვა და სხვა სახის პატიმრობა შეეფარდა. მსხვერპლი იყო ჯარისკაცებშიც.

ჰამქრებს, როგორც მეწარმეთა სამყაროს იმ დროისათვის პროგრესულ ნაწილს ჯერ რუსული იმპერიული რეჟიმი ებრზოდა, შემდეგე დაწყებული ძალადობა ბოლშევიკებმა გააგრძელეს და საბოლოოდ ჰამქართა ისტორია კომუნისტების გაძლერების შემდეგ დასრულდა, რამაც პროფესიული ნიშნით გაერთიანება ათწლეულობით გადაავადა.

წყარო:  nplg.gov.ge

კომენტარი