მთავრობის სახლი რუსთაველზე

მთავრობის სახლი რუსთაველზე

357
გაზიარება

შენობის ადგილას ადრე ტაძარი იდგა, რომელიც კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.

1871 წელს დაწყებული და ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩეჩერებული ტაძრის მშენებლობა მოგვიანებით გაგრძელდა და 1897 წელს  ეკურთხა.

1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები, რომლებიც წითელ მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.

მას შემდეგ, რაც 1930 წელს პარლამენტის შენობის აგების იდეა გაჩნდა, 1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტორებმა წარადგინეს და საბოლოოდ, მოსკოვური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორები წარმოადგენდნენ, გაიმარჯვა ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა.

1933 წლის 17 სექტემბერს მშენებლობას საფუძველი საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა და მას მთავრობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მშენებლობის უფროსად არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი სიკო ფიცხელაური დანიშნეს.

მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა: 1933-1938 და 1946-1953 წლებში. თავდაპირველად აშენდა შენობის უკანა, ანუ ბ კორპუსი, შემდგომ წინა, ა მთავარი კორპუსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოები – უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტიდან (ასე ერქვა მას და არა გამზირი) 13 მეტრით სიღრმეში იყო შესული, რაც მის აღქმას აადვილებდა და უკეთ აჩენდა ნაგებობის მასშტაბებს.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რუსთაველის პროსპექტზე აიყარა ტრამვაის ლიანდაგი, დაიგო ასფალტი და მასზე ტროლეიბუსების მიმოსვლა გაჩაღდა. მშენებლობის მეორე ეტაპზე კოკორინისა და ლეჟავას პროექტში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და თავისი შესწორებები შეიტანა არქიტექტორმა ვლადიმერ ინასარიძემ. საბოლოოდ მთავრობის სასახლის შენობის აგება ამ სამი არქიტექტორის სახელს უკავშირდება.

მოგვიანებით, 1965 წლის შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირის მხარეს, შენობის კიბის წინ, კვარცხლბეკზე დადგეს ორი კომპოზიცია, გაამწვანეს ტერასებიც, რომლებიც შემდეგში შადრევნებმა ჩაანაცვლა.

ფოტო – ეროვნული ფოტომატიანე

კომენტარი